LSD

როგორ ცვლის LSD ტვინის აქტივობას?

ტვინის აქტივობა LSD-ს ზემოქმედების ქვეშ და პლაცებოს ჯგუფში

აშშ-ში მოხალისეთა ჯგუფმა LSD მიიღო, რათა მათი ტვინის სკანირებით მეცნიერებს გაერკვიათ, თუ როგორ გარდაქმნის ჰალუცინოგენი ტვინის აქტივობას და რატომ იწვევს ის ცნობიერების შეცვლილ მდგომარეობას.

ჰალუცინოგენის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ინდივიდების ტვინის გამოსახულებებმა გამოავლინა, რომ LSD-ს მიღებისას ტვინის ქერქში აღწევს სიგნალები, რომლებსაც ტვინი ჩვეულებრივ ფილტრავს, რათა თავი აარიდოს ინფორმაციულ გადატვირთვას. 

თალამუსი ტვინის ცენტრში მოთავსებული სტრუქტურაა, რომელსაც ტვინის გადამცემ სადგურს ან ნეირონულ კარიბჭეს უწოდებენ, ვინაიდან მისი გავლით ინფორმაცია ტვინის ქერქამდე აღწევს. ტვინის ქერქი და თალამუსი დაკავშირებულია უკიდურესად მჭიდრო, რთული და ორმხრივი ნეირონული კავშირებით. ამგვარად, ქერქი და თალამუსი ერთმანეთში მუდმივად ცვლიან ინფორმაციას. მაღალი სიხშირის ნეიროელექტრული აქტივობა თალამუსსა და ქერქს შორის აუცილებელია ცნობიერი მდგომარეობის წარმოქმნისთვის. შესაძლოა იმიტომ, რომ რომ რეგიონებს შორის არსებული აქტივობა აერთიანებს ცნობიერების სხვადასხვა შინაარსებს ერთიან ცნობიერ მთლიანობად. 

LSD-ს ცვლის ინფორმაციის მიმოცვლას თალამუსსა და ქერქს შორის. უფრო მეტი ინფორმაცია მიედინება თალამუსიდან ტვინის ერთ-ერთ რეგიონამდე, რომელსაც უკანა ქამრისებრი ქერქი (posterior cingulate cortex) ეწოდება და იზღუდება ინფორმაცია, რომელიც თალამუსიდან საფეთქლის წილისკენ მიდის (temporal cortex). 

ტვინის ამ რეგიონებს შორის კომუნიკაციის დარღვევა შესაძლოა პასუხისმგებელი იყოს იმ უცნაურ ეფექტებზე, რომელსაც LSD-ს მომხმარებლები აღწერენ - ბედნიერების მოზღვავება, სამყაროსთან ერთიანობის განცდა, ჰალუცინაციები და "ეგოს დაშლა."

კვლევისთვის მეცნიერებმა 25 ცდისპირი ლაბორატორიაში მიიწვიეს, რათა ერთ შემთხვევაში ფუნქციური მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფით გამოესახათ მათი LSD-ს ზემოქმედების ქვეშ მყოფი ტვინი, მეორე შემთხვევაში კი პლაცებოს მიღების შემდეგ. 

მეცნიერებს სურდათ შეემოწმებინათ ჰიპოთეზა, რომელიც პირველად ათწლეულის წინ გამოითქვა, რომ LSD აიძულებს თალამუსს შეწყვიტოს იმ ინფორმაციის ფილტრაცია, რომელსაც ტვინი დანარჩენ რეგიონებს გადასცემს. ამ "ფილტრის" დარღვევაა რაც იწვევს ნივთიერების უცნაურ ეფექტებს. 

"სამყარო ჩვენს ირგვლივ არაა სამყარო, რომელსაც ჩვენ აღვიქვამთ, რადგან თალამუსი ფილტრავს ინფორმაციას, რომელიც მისი აზრით შეუსაბამოა. ჩვენ არ აღვიქვამთ ყველაფერს რაც არის, რადგან ეს ინფორმაციულ გადატვირთვას გამოიწვევდა."- ამბობს პროექტის ერთ-ერთი მკვლევარი, ციურიხის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს ფსიქიატრი კატრინ პრელერი. 

ტვინის გამოსახულებებმა აჩვენა, რომ ჰიპოთეზა სიმართლეს შეესაბამება. LSD-ქვეშ თალამუსი უფრო მეტ ინფორმაციას გზავნის ტვინის ზოგიერთ რეგიონში და ზღუდავს ინფორმაციას დინებას სხვა რეგიონებში.

"ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ეს მოდელი მეტწილად ჭეშმარიტია, მაგრამ როგორ ვრცელდება ინფორმაცია ქერქში LSD-ს ქვეშ უფრო სპეციფიკურია, ვიდრე მოდელი წინასწარმეტყველებდა." - ამბობს პრელერი. 

ბუნდოვანია, თუ როგორ იწვევს ინფორმაციის ცვლილება კონკრეტულ განცდებს, რომელიც LSD-სთანაა დაკავშირებული, მაგრამ ამის გასარკვევად სხვა კვლევები დაგვეხმარება. მაგალითად, უკანა ქამრისებრი ქერქი ჩართულია მე-ს განცდის ჩამოყალიბებაში, მისმა ინფორმაციულმა გადატვირთვამ კი შესაძლოა მე-ს დაშლის შეგრძნება გამოიწვიოს. 

LSD, ანუ ლიზერგინის დიეთილამიდი, პირველად 1938 წელს დასინთეზირდა და 1950-იან და 60-იან წლებში ძირეულად გარდაქმნა ფსიქოლოგიური და ფსიქიატრიული კვლევები. LSD-ს გამოყენებამ რეკრეაციული მიზნებისთვის მისი აკრძალვა გამოიწვია. დღეს ბევრი მეცნიერი მიიჩნევს, რომ ის დეპრესიასთან და სხვა ფსიქიკურ აშლილობებთან ბრძოლი ეფექტური მეთოდია. 

"ჩვენ უფრო და უფრო ახლოს მივდივართ იმის გაგებასთან, თუ რა ხდება, როცა LSD ტვინზე ზემოქმედებს, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თუ ჩვენ ახალი წამლების შემუშავებას ვაპირებთ." - განაცხადა პრელერმა The Guardian-თან ინტერვიუში. 

კვლევა გამოქვეყნებულია ჟურნალ Proceedings of the National Academy of Sciences-ში. 

2016 წელს მეცნიერებმა დაადგინეს, რომ LSD-ს გავლენის ქვეშ ტვინში მხედველობით შემოსული ინფორმაციის დამუშავებას უფრო მეტ დროს უთმობს, ვიდრე ჩვეულებრივ, რაც ამდიდრებს მენტალურ ხატებს, რომლებსაც ადამიანები ხედავენ მაშინაც, როცა მათ თვალები დახუჭული აქვთ. ეს იყო პირველი კვლევა, რომელმაც აჩვენა, თუ როგორ გამოიყურება ადამიანის ტვინი LSD-ს ზემოქმედების ქვეშ. 

კომენტარები