სააკაშვილი პუტინს: ახლადგამომცხვარო ტროლო, მე და უკრაინელები ჩვენით გავერკვევით

ახლადგამომცხვარო ტროლო, უკრაინელები ჩვენით გავერკვევით - ასე უპასუხა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, რომელმაც უკრაინის ახლადარჩეულ პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ურჩევს, სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნოს.

"ვინ ურჩევს უკრაინის მომავალ პრეზიდენტს დამიბრუნოს მოქალაქეობა? პუტინი? ეს ის პუტინი არაა, რომელმაც 2017 წელს პრესკონფერენციაზე პოროშენკოს უკრაინიდან ჩემი გაძევება მოსთხოვა?(რაც პოროშენკომ ერთ თვეში შეასრულა)

მე ზუსტად ვიცი, რომ თქვენ მოსთხოვეთ პოროშენკოს არ მოვეწვიე 2014 წლის ინაუგურაციაზე. ახლა პოროშენკოს წარმომადგენლები შუამავლების მეშვეობით ზელენსკის სთხოვენ, არა მხოლოდ არ დამიბრუნოს მოქალაქეობა, არამედ კატეგორიულ პირობას უყენებენ, რომ არ შემიშვან უკრაინაში.

ასეთივე მოთხოვნა წაუყენეთ საქართველოს მთავრობას, თურქეთს, აზერბაიჯანს, სომხეთს და ჩემი ინფორმაციით სწორედ ამ საკითხს განიხილავდით ერდოღანთან 2016 წელს, რუსეთის სამიტზე. 

ასე რომ, ახლადგამომცხვარო ტროლო, ვლადიმირ ვლადიმეროვიჩ, საკმარისად გამოცდილი ვარ იმისთვის, რომ ამ მანევრების მიღმა დავინახო თქვენი პოლიტიკის ორმაგი სტანდარტები – მოითხოვოთ ოპონენტისგან, რომელმაც ასე ძლიერად გიპასუხათ რუსული პასპორტების ოკუპირებულ დონბასში დარიგებასთან დაკავშირებით, სანაცვლოდ ჩემი დაბრუნება, იმ იმედით, რომ მას ამის გაკეთება შეეშინდება. ახლა უკვე ეს თქვენი საქმე აღარ არის! მე და უკრაინელები ჩვენით გავარკვევთ",-წერს სააკაშვილი Facebook-ზე

პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა 2015 წლის მაისში მიანიჭა, რა დროსაც, საქართველოს მოქალაქეობა დაკარგა. ის მალევე ოდესის გუბერნატორად დაინიშნა. 2016 წლის ნოემბერში სააკაშვილმა თანამდებობა დატოვა და პეტრო პოროშენკოს ოპოზიციაში გადავიდა. 

10 სექტემბერს, მოქალაქეობის დაბრუნების მოთხოვნით, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის საზღვარი მხარდამჭერებთან და უკრაინის ყველაზე რეიტინგულ ოპოზიციურ პოლიტიკოსთან იულია ტიმოშენკოსთან ერთად გაარღვია.

მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში 2018 წლის თებერვალში დააკავეს. უკრაინული მედიის ცნობით, სააკაშვილი საემიგრაციო სამსახურის მოთხოვნით დააკავეს და კიევიდან პოლონეთის მიმართულებით გაამგზავრეს.

 

კომენტარები