საქართველო-რუსეთი

ბახტაძე პუტინის განცხადებებზე: მოვისმინეთ ფაქტების ფუნდამენტურად არასწორი ინტერპრეტაცია

მამუკა ბახტაძე

მამუკა ბახტაძე ვლადიმერ პუტინის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც რუსეთის პრეზიდენტმა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ისტორიის საკუთარი, არასწორი და დამახინჯებული ვერსია მოყვა. 

პრემიერმინისტრმა თქვა: 

"ჩვენ მოვისმინეთ ფაქტების ფუნდამენტურად არასწორი ინტერპრეტაცია: ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ისტორიით, ევროპა ამაყობს ამით და დადგება დღე, როდესაც ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად ავაშენებთ ერთიან, ძლიერ ქვეყანას. 

სამწუხაროდ, პირველად არ გვესმის მსგავსი განცხადებები, რომელიც ეყრდნობა ფაქტების ფუნდამენტურად არასწორ ინტერპრეტაციას. საქართველოს ისტორია არის ის, რითაც თითოეული ჩვენგანი ამაყობს. საქართველოს ისტორია არის ევროპული ისტორიის ნაწილი და გარწმუნებთ, ევროპელებს, ისევე, როგორც მსოფლიო თანამეგობრობას აქვს ძალიან კარგი და დეტალური ცოდნა ჩვენი ისტორიის შესახებ. როგორც ჩვენ ვამაყობთ ჩვენი წარსულით, ასე ამაყობს ევროპაც, ვინაიდან, ჩვენ ვართ ევროპული ცივილიზაციის ნაწილი. ჩვენი ამოცანაა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას ჰქონდეს სწორი ინფორმაცია არა მხოლოდ  ისტორიის შესახებ, არამედ მომავალი გეგმების შესახებ და მომავალი გეგმა არის ძალიან ერთმნიშვნელოვანი და მარტივი - საქართველო გააგრძელებს ერთიანი სახელმწიფოს მშენებლობას და ამ მშენებლობაში მიიღებს მონაწილეობას თითოეული ადამიანი, რომელიც საქართველოში ცხოვრობს - ჩვენი ოსი და აფხაზი ძმები და თითოეული ეთნიკური წარმოშობის ადამიანი, რომელიც ცხოვრობს ჩვენს საერთო სამშობლოში, ეს არის ის, რაზეც სახელმწიფო უნდა იყოს ორიენტირებული. ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი მთავრობა და პასუხისმგებლიანი მთავრობის მთავარი ამოცანაა, რომ დაიცვას ეროვნული ინტერესები და თავისი მოქალაქეების ეკონომიკური ინტერესები“, - თქვა მამუკა ბახტაძემ.

რა თქვა ვლადიმირ პუტინმა და როგორია რეალობა - წაიკითხეთ ისტორიკოს დიმიტრი სილაქაძის მიმოხილვა

კომენტარები