სტიქია სვანეთში

გარემოს სააგენტო: მესტიაში სტიქია მხოლოდ ბუნებრივმა ფაქტორებმა გამოიწვია

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების წინასწარი შეფასებით, 25 ივლისს მესტიის მუნიციპალიტეტში განვითარებული სტიქია მხოლოდ ბუნებრივი ფაქტორებით იყო გამოწვეული.

"უხვმა ატმოსფერულმა ნალექებმა, თანდართულმა მყინვარების ინტენსიურმა დნობამ, მდ. მესტია-ჭალის ხეობაში, კერძოდ მურყვამისა და ლეხზირის მყინვარებზე გამოიწვია ყინულოვან-მორენული მასის ჩამოშლა, რამაც გადაკეტა ხეობა და წარმოქმნა დროებითი ტბა, რომლის გარღვევის შედეგადაც მდ. მესტია-ჭალის ხეობაში განვითარდა უეცარი წყალმოვარდნა. წყლის დონის მატება გადაიზარდა ღვარცოფში. აღნიშნული მოვლენა განმეორდა 3-ჯერ, პირველი ტალღის წარმოქმნის დრო 7:00 სთ, მეორე - 14 :00 სთ და მესამე ტალღა 19:00 სთ-ზე განვითარდა, რომელმაც დააზიანა ინფრასტრუქტურული ობიექტები" - აცხადებს გარემოს ეროვნული სააგენტო.

სპეციალისტების ჯგუფი მესტია-ჭალის ხეობაში იმყოფება და ტერიტორიას სწავლობენ.

"ამ ეტაპზე სპეციალისტების განმარტებით, აღინიშნება მდ. მესტია-ჭალის წყლის დონის კლება. 24 ივლისს გარემოს ეროვნულ სააგენტოში მომზადდა და გავრცელდა გაფრთხილება 24 ივლისის დღის მეორე ნახევრიდან 26 ივლისის დილამდე დასავლეთ საქართველოს ჩრდილო მთიან რეგიონებში ზოგან ძლიერი ნალექების, პატარა მდინარეებზე შესაძლო წყალმოვარდნების და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურების შესახებ. სინოპტიკოსების განმარტებით, 26 ივლისს სვანეთის რეგიონში შენარჩუნდება დროგამოშვებით მცირე წვიმა, 19:00 საათიდან გამოიდარებს" - აცხადებს გარემოს ეროვნული სააგენტო.

მესტიაში, მყინვარ ჭალაადის მიმდებარედ მდინარე მესტიაჭალას ადიდების შედეგად, განადგურდა "მესტიაჭალა 1-ის“ ინფრასტრუქტურის ნაწილი და ათამდე მანქანა. მესტიას წყალმომარაგება შეწყვეტილი აქვს. ადგილობრივები სტიქიას ჰესს უკავშირებენ.

კომენტარები