ერაყი

ერაყის ქალაქ ნაჯაფში ანტი-სამთავრობო აქციის მონაწილეებმა ირანის საკონსულოს ცეცხლი წაუკიდეს

AFP

ერაყის სამხრეთით ქალაქ ნაჯაფში მდებარე ირანის საკონსულოს ანტი-სამთავრობო აქციის მონაწილეებმა ცეცხლი წაუკიდეს. "დატოვოს ირანმა ერაყი" - ასეთი იყო მათი მოთხოვნა.

ადგილობრივი მედიის მიხედვით საკონსულოს თანამშრომლებმა შენობის დროულად დატოვება მოახერხეს.

მიმდინარე თვეს ეს ერაყში ირანის საკონსულოზე თავდასხმის მეორე შემთხვევაა. მანამდე თავდასხმა მოხდა შიიტებისათვის წმინდა ქალაქ ქარბალაში მდებარე საკონსულოზე.

ერაყში საპროტესტო აქციები ორი თვეა მიმდინარეობს. დაიღუპა სულ მცირე 344 ადამიანი. მხოლოდ აქციების პირველ კვირას უშიშრეობის ძალებმა 149 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს. მოსახლეობა კორუფციის აღმოფხვრას, სამუშაო ადგილების შექმნას და საჯარო სერვისების გაუმჯობესებას ითხოვს. აქციის მონაწილეები ირანს ერაყის შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებენ. დემონსტრაციები ძირითადად დედაქალაქ ბაღდადში და ერაყის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქებში იმართება. მთავრობა მათ რეფორმებს, მაღალ თანამდებობაზე მყოფ პირთა ხელფასების შემცირებას და უმუშევრობასთან ბრძოლის გეგმის შემუშავებას დაჰპირდა, თუმცა აქციები არ წყდება. პრეზიდენტმა ბრაჰამ სალეჰმა თქვა, რომ პრემიერმინისტრი აბდულ მაჰდი გადადგება, თუ პარტიები მის შემცველზე შეთანხმდებიან.

კომენტარები