NCDC: საქართველოში კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, ნუ აყვებით პანიკას

Reuters

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი სოციალურ ქსელებში სხვადასხვა მომხმარებლის მიერ კორონავირუსთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. 

"ამ ეტაპისთვის საქართველოში ახალი კორონავირუსული ინფექციის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა და ვთხოვთ მოსახლეობას ნუ აყვება პანიკას!,"- წერს ეროვნული ცენტრი. 

მათივე განცხადებით, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე ახალი კორონავირუსის შემოტანისა და გავრცელების პრევენცია მოხდეს. 

"ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა სრულ მზადყოფნაშია და შეუძლია დაავადების შემოტანის შემთხვევაში უზრუნველყოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად," - წერია განცხადებაში. 

ეროვნული ცენტრის ცნობითვე, სოციალურ ქსელებში დეზინფორმაციული შინაარსის ხმოვანი გზავნილი ვრცელდება, რაც არაკეთილსინდისიერი ადამიანების კერძო, მერკანტილურ ინტერესებს ემსახურება და დანაშაულია საზოგადოების წინაშე.

"ქვეყნის მოსახლეობას მოვუწოდებთ: არ აყვეთ პანიკას! გაეცანით სანდო საიფორმაციო წყაროებს და ენდეთ პროფესიონალების რეკომენდაციებს!" - წერია განცხადებაში. 

კომენტარები