კორონავირუსი

გამყრელიძე: არ გამოვრიცხავ, კორონავირუსის მესამე შემთხვევაც დადასტურდეს

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ საქართველოში კორონავირუსის მესამე შემთხვევაც დაფიქსირდეს.

მისი თქმით, ინფექციურ საავადყოფოში დაკვირვების ქვეშ არის 29 მოქალაქე, აღებულია 24 სინჯი და პასუხებს ელოდებიან.

გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ევროპაში ახალი შემთხვევები ყოველდღიურად იზრდება და კორონავირუსი ამ დროისთვის 51 ქვეყანაშია გავრცელებული, რაც იმას ნიშნავს, რომ საზღვრებზე მკაცრი კონტროლი ნაკლებად იქნება შედეგიანი.

"აქედან გამომდინარე, უკვე მკაცრი ფრენების აკრძალვა თუ მკაცრი რეჟიმები საზღვრებზე, ანუ ეს შეკავების ფაზა, რასაც ჩვენ ვახორციელებდით, დიდ შედეგს არ იძლევა, რამეთუ, ინფექციას მხოლოდ საზღვრების კონტროლით ვერ შეაჩერებ და უფრო მეტი ყურადღება გადადის ადამიანთა სავარაუდო შემთხვევათა იზოლაციაზე, თვითიზოლაციაზე და თუ საჭიროა, შესაბამის სამკურნალო, სამედიცინო დახმარების ღონისძიებებზე", - თქვა გამყრელიძემ.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კარანტინში იმყოფება 87 ადამიანი, აქედან 31 საჩხერეში, 21 აბასთუმანში და ასევე, გამოიყო ბავშვთა განყოფილება ტუბცენტრში, რომელიც იზოლირებულია ძირითადი შენობისგან და იქ არის 35 ადამიანი.

ადამიანებს, რომლებიც საქართველოში შემოდიან იმ ქვეყნებიდან, რომლებშიც კორონავირუსის მაჩვენებელი მაღალია და განსაკუთრებით ჩრდილოეთ იტალიიდან, ამირან გამყრელიძე აძლევს რეკომენდაციას, თუ სიმპტომები არ აღენიშნებათ, 14 დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში იყვნენ. იმ შემთხვევაში, თუ ამ პერიოდში ექნებათ ტემპერატურა, ხველა, სუნთქვის გაძნელება, მიმართონ ექიმს.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს გამოვლინდა, 28 თებერვალს კი მეორე შემთხვევის შესახებ გახდა ცნობილი. პირველი ქვეყანაში აზერბაიჯანიდან შემოვიდა და ის საბაჟოდან პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მეორე შემთხვევაში კი ჩრდილოეთ იტალიიდან შემოსულმა საქართველოს მოქალაქემ ინფექციურ საავადმყოფოს მხოლოდ მეორე დღეს მიმართა, რადგან მანამდე სიმპტომები არ ჰქონდა.

ამ დროისთვის კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი მსოფლიოში 80 ათასს აღემატება, გარდაიცვალა 2,700-ზე მეტი ადამიანი. დაავადებულთა უმრავლესობა ჩინეთის მოქალაქეა. ჩინეთის გარეთ, კორონავირუსის შემთხვევები კიდევ 50-ზე მეტ ქვეყანაში დადასტურდა. საუბარია სულ 2500 შემთხვევაზე, საიდანაც 34 ლეტალურად დასრულდა. ჩინეთის გარეთ ყველაზე მეტი ინფიცირებული სამხრეთ კორეაში, იტალიაში, ირანსა და იაპონიაში. აქედან ყველაზე მეტი ადამიანი ირანში გარდაიცვალა.

კომენტარები