კორონავირუსი

გამყრელიძე: აუცილებლობის გარეშე მოგზაურობას მოერიდეთ, შემოვიფარგლოთ ვიდეო კონფერენციებით

news.ge

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მოგზაურობის სრული აკრძალვის რეკომენდაციას არ იძლევა, თუმცა განსაკუთრებული აუცილებლობა თუ არ არის, მოსახლეობას ურჩევს, თავი შეიკავონ.

"თუ განსაკუთრებული აუცილებლობა არ არის, მოვერიდოთ მოგზაურობას, განსაკუთრებით მაღალ დასენიანებულ ადგილებში. ესენი არის ჩინეთი, ირანი, იტალია, იაპონია, სამხრეთ კორეა. თუმცა, ისეთი სისწრაფით მატულობს შემთხვევათა რიცხვი ევროპის ქვეყნებში, რომ მომავალ დღეებში შეიძლება დაემატოს სხვებიც. სრული აკრძალვა არ არის რეკომენდებული, მაგრამ თუ განსაკუთრებული აუცილებლობა არ არის, დღეს 4-5 ჩემს კოლეგას, რომლებიც სხვადასხვა სამეცნიერო შეხვედრაზე მიემართებოდნენ, ვურჩიე, რომ არ ვიმოგზაუროთ. შემოვიფარგლოთ ე.წ. ვირტუალური კომუნიკაციით", - თქვა გამყრელიძემ.

მისივე ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებს უკვე ურჩია, რომ რეგიონებში და სხვა ქვეყნებში ნაკლებად გავიდნენ და ვიდეო კონფერენციები ჩაატარონ. გამყრელიძე მოსახლეობასაც იგივესკენ მოუწოდებს.

"მიუხედავად იმისა, რომ ეპიდაფეთქება არ არის, იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ, სასურველია მეტი დისტანციური კომუნიკაცია", - აღნიშნა მან.

რაც შეეხება საბავშვო ბაღებსა და სკოლებს, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ სააღმზრდელო და სასწავლო პროცესის შეწყვეტის რეკომენდაციას კვლავ არ იძლევიან და რეკომენდაციაა მაქსიმალურად ინტენსიური გახდეს საზოგადოებრივი ჰიგიენის საკითხები.

კვლავ ძალაში რჩება დაავადებათა კონტროლის ცენტრის აქამდე გამოცემული რეკომენდაციები, რომლებიც შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს გამოვლინდა, 28 თებერვალს კი მეორე შემთხვევის შესახებ გახდა ცნობილი. პირველი ქვეყანაში აზერბაიჯანიდან შემოვიდა და ის საბაჟოდან პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მეორე შემთხვევაში კი ჩრდილოეთ იტალიიდან შემოსულმა საქართველოს მოქალაქემ ინფექციურ საავადმყოფოს მხოლოდ მეორე დღეს მიმართა, რადგან მანამდე სიმპტომები არ ჰქონდა.

ამ დროისთვის კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი მსოფლიოში 80 ათასს აღემატება, გარდაიცვალა 2,700-ზე მეტი ადამიანი. დაავადებულთა უმრავლესობა ჩინეთის მოქალაქეა. ჩინეთის გარეთ, კორონავირუსის შემთხვევები კიდევ 50-ზე მეტ ქვეყანაში დადასტურდა. საუბარია სულ 2500 შემთხვევაზე, საიდანაც 34 ლეტალურად დასრულდა. ჩინეთის გარეთ ყველაზე მეტი ინფიცირებული სამხრეთ კორეაში, იტალიაში, ირანსა და იაპონიაში. აქედან ყველაზე მეტი ადამიანი ირანში გარდაიცვალა.

კომენტარები