კორონავირუსის გამო, გამშვებ პუნქტებსა და აეროპორტებში საველე კარვები დამონტაჟდა

ჯანდაცვის სამინისტრო

კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, გამშვებ პუნქტებსა და აეროპორტებში საველე კარვები დამონტაჟდა. 

კარვებში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მაღალი რისკის ზონებად განსაზღვრული ქვეყნებიდან შემოსული მგზავრები, სპეციალურ დაწესებულებაში გადაყვანამდე განთავსდებიან.

შსს-ს წარმომადგენლის თქმით, კარავში მუდმივად იქნება სამედიცინო პერსონალის მორიგე ჯგუფი. 

მგზავრის გადაადგილების შესახებ წინასწარი ინფორმაციის და მონაცემების დამუშავების გარდა, მოგზაურობის ისტორიიდან გამომდინარე, საზღვრებზე, ადგილზე ხდება მოქალაქის გადამოწმება და პირველადი რისკის განსაზღვრა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ინფექციურ საავადმყოფოებში 41 ადამიანი იმყოფება, კარანტინში კი 117.

85 ადამიანმა საიზოლაციო სივრცეები უკვე დატოვა, თუმცა მათ ნაწილს თვითიზოლაციის რეკომენდაცია მიეცა.

ამჟამინდელი ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით დაავადების სამი შემთხვევა დადასტურდა. ორი ადამიანი ირანში იმყოფებოდა და ცნობილია, რომ ერთმანეთთან კონტაქტი ჰქონდათ, ხოლო მესამე - 31 წლის ქალია, რომელიც იტალიაში ჯგუფთან ერთად მოგზაურობდა.

ამ დროისთვის კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი მსოფლიოში 86 ათასს აღემატება, გარდაიცვალა 2,900-ზე მეტი ადამიანი. დაავადებულთა უმრავლესობა, 79000-ზე მეტი, კონტინენტური ჩინეთის მოქალაქეა. ჩინეთის გარეთ, კორონავირუსის შემთხვევები კიდევ 53 ქვეყანაში დადასტურდა. საუბარია დაახლოებით 6000 შემთხვევაზე, საიდანაც 86 ლეტალურად დასრულდა. ჩინეთის გარეთ ყველაზე მეტი ინფიცირებული სამხრეთ კორეაში, იტალიაში, ირანსა და იაპონიაშია. აქედან ყველაზე მეტი ადამიანი ირანში გარდაიცვალა. დაავადებულთაგან 42 576 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა.

კომენტარები