კორონავირუსი

ბოკერია: ზიანი, რომელიც ეკონომიკას მიადგება, გაგრძელდება თუ მთავრობამ დროზე არ მიიღო ზომები

გიგა ბოკერია
ტაბულა

ევროპული საქართველო მთავრობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, კორონავირუსის შედეგად შექმნილი სიტუაციის გამო, დაწიოს საშემოსავლო, ქონების და საწვავზე აქციზის გადასახადები. პარტიის ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, თუ მთავრობამ დროზე არ მიიღო ზომები, ზიანი, რომელიც ეკონომიკას მიადგება, ვირუსის დამარცხების შემდეგაც გაგრძელდება.

"ეს არის უზარმაზარი გლობალური პრობლემა, მაგრამ მთავრობები იმიტომ ჰყავს ქვეყნებს, რომ რომ როცა ასეთი გამოწვევაა, იმოქმედოს. აი, აქ კი გვაქვს ძალიან მძიმე მდგომარეობა დამატებით, რადგან გვყავს ასეთი მთავრობა.

მოვუწოდებთ უკვე რამდენი დღეა, ახლა მაინც, ამ გამოწვევის დროს, ამ ძალიან მძიმე საფრთხის წინაშე, გამოფხიზლდნენ და გადადგან ნაბიჯები, შეამცირონ გადასახადები, დაუტოვონ მეწარმეებს და ადამიანებს მეტი ფული, რომელიც მათ თვითონ შექმნეს. იმის ნაცვლად, რომ წაართვან და მოიხმარონ თავის ჭკუაზე.

გვაქვს კონკრეტული წინადადება ევროპულ საქართველოს - დროზე გადადგან ეს ნაბიჯები. ყველას იმედი გვაქვს, რომ ჯანმრთელობის პრობლემა, რომელიც ყველაზე უფრო სახიფათოა, რაღაც პერიოდში მოგვარდება, მაგრამ ზიანი, რომელიც ეკონომიკას, თითოეულ ადამიანს და მეწარმეს მიადგა, გაგრძელდება თუ დროზე არ მიიღეს ზომები იმ ქვეყნის მთავრობებმა, სადაც ეს პრობლემა არის. ვიმეორებ - კონკრეტული წინადადება გვაქვს, დროზე ირეაგირონ - საშემოსავლო გადასახადი, საწვავზე აქციზი, ქონების გადასახადი დროზე დაწიონ" - თქვა გიგა ბოკერიამ.

კორონავირუსით გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისთან ბრძოლის გეგმა ევროპულმა საქართველომ რამდენიმე დღის წინ წარუდგინა საზოგადოებას:

1. საშემოსავლო გადასახადის 20%დან - 17%მდე შემცირება, რაც სამუშაო ადგილების დაკარგვას თავიდან აგვაცილებს და 380 მილიონ ლარს დაუტოვებს ხალხს.

2. ქონების გადასახადის განახევრება. რაც 195 მილიონ ლარს დაუტოვებს მეწარმეებს და სამუშაო ადგილების შემცირებას შეაჩერებს

3. ნავთობპროდუქტებზე აქციზის გადასახადის 25%ით შემცირება, რაც საწვავზე ფასს 8-10 თეთრით გააიაფებს და ზოგადად ხელს შეუშლის ფასების ზრდას ქვეყანაში. ეს გეგმა ითვალისწინებს კერძო სექტორში 690 მილიონი ლარის დატოვებას.

ევროპული საქართველოს შეფასებით, ეს საბიუჯეტო დანაკლისი აუცილებლად უნდა დაბალანსდეს ბიუროკრატიული და არაეფექტური ხარჯების შეკვეცით.

კომენტარები