კომუნალურების დაფინანსება

ბაქრაძე: კომუნალური ვაუჩერის გაცემა სწორი მიმართულების ნაბიჯია, მაგრამ არა საკმარისი

დავით ბაქრაძე
ტაბულა

ევროპული საქართველოს ლიდერის დავით ბაქრაძის თქმით, კომუნალური ვაუჩერის გაცემა სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი და კარგია, რომ ხელისუფლებამ, დაგვიანებით, მაგრამ დაიწყო სწორ ინიციატივებზე საუბარი.

ბაქრაძის თქმით, კომუნალურების დაფინანსება იყო ევროპული საქართველოს ანტიკრიზისული გეგმის შემადგენელი ნაწილი, თუმცა ეს არ არის საკმარისი. ევროპული საქართველო, ეკონომიკაზე კორონავირუსის ნეგატიური ეფექტის შესამცირებლად, ხელისუფლებას დამატებითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.

  • სახელფასო კომპენსაციის გაცემა, იმ ადამიანებისთვის, ვინც დაკარგა სამსახური, ან არ დაკარგა და უხელფასო და უვადო შვებულებაშია გაშვებული
  • ერთჯერადი დახმარების გაცემა სოციალურად ყველაზე გაჭირვებული ფენებისთვის
  • საპენსიო შენატანების გაჩერება წლის ბოლომდე და უკვე არსებული თანხების გატანის შესაძლებლობის მიცემა მოქალაქეებისთვის
  • გადასახადების შემცირება და მათ შორის წელს, საშემოსავლო და ქონების გადასახადების განულება

ბაქრაძე ამბობს, რომ მსგავსი გეგმის წარდგენის შემთხვევაში ევროპული საქართველო მხარს დაუჭერს მას.

"ასეთი კომპლექსური გეგმით ჩვენი ეკონომიკა და მოქალაქეები შედარებით უმტკივნეულოდ გაივლიან ამ ძალიან მძიმე და კრიზისულ პერიოდს,"- ამბობს ბაქრაძე.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მომდევნო სამი თვის განმავლობაში სრულად დაუფინანსდებათ კომუნალური გადასახადები ვინც მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და 200 მ3-ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს.

კომენტარები