ახალი კორონავირუსი საქართველოში

კობახიძე: ბზობას კანონი დაირღვა, იქნება რეაგირება, მომდევნო დღეებზე გვექნება კონსულტაციები

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის თქმით, 12 აპრილს, ბზობის დღესასწაულზე, "არა ერთ ადგილას კანონი დაირღვა", რაზეც სახელმწიფოს რეაგირება ექნება.

"ეს არის ძალიან მგრძნობიარე საკითხი, ჩვენ ვიხილეთ გუშინ ვითარება, როდესაც არაერთ ადგილას საგანგებო რეჟიმით გათვალისწინებული შეზღუდვები დაირღვა. ეს არის მიუღებელი და ასეთ დროს ხელისუფლებას ბუნებრივია ექნება შესაბამისი რეაგირება. რეაგირების ზომაც არის გაწერილი შესაბამის სამართლებრივ აქტებში. მათ შორის ჯარიმა, რომელიც არის პირველი სანქცია. სახელმწიფოს ექნება თავისი სამართლებრივი აქტებიდან გამომდინარე რეაქცია", - თქვა მან რუსთავი 2-ის ეთერში.

რაც შეეხება მომდევნო დღეებს, კობახიძის თქმით, ამაზე კონსულტაციები გაიმართება.

"გვექნება კონსულტაციები. ჩვენი პასუხისმგებლობაა, მოვუსმინოთ ყველას და მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ყველაზე მეტად წაადგება ქვეყანას.

ჯერჯერობით არაფერი არ არის გადაწყვეტილი არავის მხრიდან, სწორედ ამას სჭირდება კონსულტაციები. მხოლოდ აღდგომის დღეებზე არ არის საუბარი, არამედ წინა დღეებზეც. საგანგებო რეჟიმის ზოგადი წესები გაწერილია და, ბუნებრივია, უნდა იყოს დაცული", - ამბობს კობახიძე.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტიდან გამოცხადდა. 31 მარტიდან კი კომენდანტის საათიც ამოქმედდა. დაიხურა სავაჭრო ობიექტები, ტრანსპორტი, რკინიგზა, აგრარული ბაზრები და სხვა. მიზანი კორონავირუსის გავრცელების პრევენციაა, რომელიც წვეთოვანი გზით გადაეცემა და რომელთა საბრძოლველადაც სოციალური დისტანცირება მსოფლიოში აპრობირებული ხერხია.

თუმცა, საქართველოში ამ წესის დაცვას არ აპირებს საპატრიარქო - ტაძრებში ღვთისმსახურება ჩვეულებრივად ტარდება, არც ერთი კოვზით ზიარების წესი შეცვლილა. 12 აპრილს, ბზობის დღესასწაულზე სამების ტაძარში ილია მეორეც იმყოფებოდა, რომელიც 87 წლისაა, ამასთან თანმდევი დაავადებები აქვს და მისი ინფიცირება განსაკუთრებით მაღალი საფრთხის შემცველია. მიმდინარე კვირას არის დიდი ხუთშაბათიც, როცა განსაკუთრებით ბევრი ადამიანი ეზიარება, 19 აპრილს კი - აღდგომაა. ეკლესია მრევლს ტაძრებში ტაძრებში მისვლისკენ მოუწოდებს, ხელისუფლებას კი, მისთვის კანონის დარღვევისა და მომეტებული საფრთხის შექმნისთვის პასუხი არ მოუთხოვია. ამასთან, კორონავირუსის გავრცელების პიკი დღესასწაულებს დასრულებიდან დაახლოებით 2 კვირაშია მოსალოდნელი.

კომენტარები