დღეს ძალიან მნიშვნელოვანი პაკეტი იქნა წარდგენილი საზოგადოებისთვის. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან ბრძოლაში ვიმყოფებით, შეიძლება ითქვას, ორი მიმართულებით. ერთი არის კორონავირუსთან ბრძოლა და მეორე მიმართულება არის არსებული ეკონომიკური მდგომარეობა.
ამ რთულ ვითარებაში, მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს, რომ რაც შეიძლება სწრაფად გამოვიდეთ ამ რთული და კრიზისული მდგომარეობიდან. აქ წარმოდგენილი იყო, ასევე, გახსნითი ღონისძიებების რამდენიმე ეტაპი და აქ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, არ უნდა გავთამამდეთ, მტერი, არსებობს ქვეყანაში, არსებობს მსოფლიოში, რომელსაც ვერ ვხედავთ.
მე როგორც ქალაქის მერი, ვადასტურებ სრულ მხარდაჭერას, სრულ თანადგომას - ჩვენ მზად ვართ, მთელი ჩვენი სამსახურებით, გამგეობებით, გვავქვს სრული ბაზები იმ ოჯახების, იმ ადამიანების, რომლებსაც სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვთ, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს, სჭირდება თანადგომა. მზად ვართ პროექტის განხორციელების პროცესში განვახორციელოთ მენეჯმენტი, ამისთვის ჩვენი თითოეული თანამშრომელი მზად არის. როდესაც იქნება გადაწყვეტილება მიღებული, დავიწყებთ პროექტის განხორციელებას.
კიდევ ერთხელ მინდა, საზოგადოებას, ყველა იმ ადამიანს მადლობა გადავუხადო, ვინც ზედმიწევნით ასრულებდა მოთხოვნებს. მე მესმის, რომ ეს არ იყო პოპულარული ნაბიჯები, გადადგმული ჩვენი მხრიდა. მაგრამ, უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ - ეს იყო პრინციპულად მნიშვნელოვანი, ჩვენ გაგვეკეთებინა ეს შეზღუდვები, იმიტომ, რომ საუბარია ადამიანის სიცოცხლეზე.