დღეს, 28 მაისს, პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ თბილისის მერთან და მთავრობის სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად სამშენებლო სექტორის დამხმარე გეგმა წარადგინა.
პაკეტის ჯამური ღირებულება 434 მილიონი ლარია და ის შემდეგი კომპონენტებისგან შედგება:
სახელმწიფო დაასუბსიდირებს პროცენტს იპოთეკურ სესხებზე - ყველა იპოთეკურ სესხზე, რომელიც 2020 წლის 1 ივნისიდან 31 დეკებრის ჩათვლით გაფორმდება, მთავრობა 4%-იან თანამონაწილეობას გეგმავს მომდევნო ხუთი წლის მანძილზე. ამისათვის ბიუჯეტიდან 70 მილიონი ლარი დაიხარჯება. სესხის ზედა ზღვარი ამ პროგრამისთვის 200 000 ლარი იქნება.
სახელმწიფო იპოთეკურ სესხებზე გარანტიას გასცემს - სახელმწიფო სესხის 20%-ის ოდენობით იპოთეკური სესხების გარანტიას გასცემს მომდევნო 5 წლის განმავლობაში. სესხის ზედა ზღვარი ამ შემთხვევაშიც 200 000 ლარი იქნება, გარანტიაც პირველი ივნისიდან პირველ იანვრამდე გაცემულ სესხებზე გავრცელდება. გარანტია შეეხება იმ სესხებს, სადაც თანამონაწილეობა 10%-ზე ნაკლებია. ბიუჯეტიდან ამ პროგრამისთვის 14 მილიონი ლარი გამოიყოფა.
სახელმწიფო დევნილებისთვის დაგეგმილზე სამჯერ მეტ ბინას შეისყიდის - მთავრობა წლის ბოლომდე 150 მილიონ ლარს დახარჯავს, რათა დევნილებისთვის სახლები დაჩქარებული წესით აშენდეს.
სახელმწიფო დააზღვევს მიმდინარე მშენებლობების დასრულებას - პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო გარანტიას გასცემს, რომ პროექტით გათვალისწინებული საცხოვრებელი ფართის არაუმეტეს 30%-ს შეიძენს. ამ პროგრამით ბინებს დევნილებიც მიიღებენ. მთავრობას მიმდინარე მშენებლობების დაზღვევა 200 მილიონი ლარი დაუჯდება.