ივან კოჩეტკოვი

რუსული მედია: საქართველოში ევგენია შიშკინას მკვლელობაში ბრალდებული ივან კოჩეკტოვი დააკავეს

რუსული მედიის ცნობით, საქართველოში რუსეთის მოქალაქე, 23 წლის ივან კოჩეტკოვი დააკავეს. გამოძიება მას გამომძიებელ ევგენია შიშკინას მკვლელობის თანამონაწილედ მიიჩნევს.

ევგენია შიშკინა 2018 წლის ოქტომბერში მოკლეს.

კოჩეტკოვის დაკავება ბიბისის, რუსეთის ბიუროს, მისმა ადვოკატმა საქართველოში, გიორგი კონდახიშვილმა, ევგენია შიშკინას ადვოკატმა, ელენა სიროპიატოვამ და საგამოძიებო კომიტეტიდან წყარომ დაუდასტურა.

ტაბულა კონდახაშვილთან დაკავშირებას ცდილობს, მაგრამ ის, ჯერჯერობით, ტელეფონს არ პასუხობს.

ინფორმაცია მოწმდება შინაგან საქმეთა სამინისტროშიც.

კონკრეტულად როდის დააკავეს კოჩეტკოვი, უცნობია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ კოჩეტკოვზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა არაუგვიანეს 2020 წლის მაისისა.

მანამდე, სანკტ პეტერბურგში მკვლელობის სავარაუდო შემსრულებლად მიჩნეულია სტუდენტი, აბდულაზიზ აბდულაზიზოვი და მისი მეგობარი, უფროსკლასელი კირილ გრუნსკი.

ასევე, თბილისში დააკავეს ჰაკერი იაროსლავ სუმბაევი, რომელიც ივან კოჩეტკოვის ცოლის ძმაა. გამომძიებელ ევგენია შიშკინას მკვლელობის გარდა, მას ბრალი კიბერთაღლითობასა და დანაშაულებრივი დაჯგუფების მეთაურობაში ედება.

სუმბაევი საქართველომ რუსეთს 2019 წლის 25 ოქტომბერს გადასცა. იუსტიციის სამინისტრომ არ გაითვალისწინა საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების მოწოდებები, არ გადაეცა სუმბაევი რუსეთისთვის, სადაც ის, დიდი ალბათობით, წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდებოდა.

კომენტარები