"ის მოლოდინები, რომლებზეც მოსახლეობას აქვს განცდა, რომ ეს არის მეორე ტალღა და შესაძლო პიკი – ეს არ გახლავთ ის შესაძლო პიკი, რომელსაც ჩვენ ველოდებით შემოდგომაზე". – ამის შესახებ ტიკარაძემ საკოორდინატო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.
ტიკარაძის განმარტებით, ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით, როგორც მსოფლიოს ყველა სხვა ქვეყანაში, საქართველოშიც მოსალოდნელია გარკვეული გართულებები, – "სწორედ აქედან გამომდინარე არის მაქსიმალური ოპერატიულობა და ჩვენი მოსახლეობის ინფორმირებულობა".
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, მესტიის მუნიციპალიტეტში გარკვეული შეზღუდვები წესდება:
- იზღუდება გადაადგილება, როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის მიმართულებით, ასევე მესტიის მუნიციპალიტეტიდან.
- წესდება შეზღუდვები გადაადგილებაზე დაბა მესტიასა და დაბა მესტიის სოფლებს შორის
- დაბა მესტიასა და უშგულსა და ლენჯერში ფუნქციონირების უფლება ექნებათ მხოლოდ აფთიაქებს, საბანკო დაწესებულებებს, სასურსათო მაღაზიებსა და ღია ტიპის საკვებ დაწესებულებებს.
- ყველა მოქალაქე, რომელიც დატოვებს მესტიის მუნიციპალიტეტს გაივლის სავალდებულო კარანტინს.
დღეს, 10 აგვისტოს, კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევიდან 17 მესტიაში დადასტურდა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 1 250 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 1 010 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 17 კი გარდაიცვალა.