ბელარუსში ანტისამთავრობო აქციები გრძელდება.
ორგანიზატორებმა მომიტინგეებს მოუწოდეს, რომ ადგილობრივი დროით 14:00 საათზე თავიანთი ქალაქების ცენტრში შეიკრიბონ.
"მსვლელობა ერთიანობისთვის - ერთი ყველასთვის, ყველა ერთისთვის". – ამ სახელწოდების ანტისამთავრობო აქციები იმართება დღეს ბელარუსში.
მინსკის ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა. მინსკის ცენტრისკენ ქალაქის ქუჩებიდან რამდენიმე მსვლელობა იმართება. მომიტინგეებს ხელში უკავიათ ბელარუსის ისტორიული, თეთრი-წითელი-თეთრი ფერის დროშები და გაიძახიან სლოგანებს - "სიცოცხლე ბელარუსს!"; "სირცხვილი!"
დღის დასაწყისში სპეცრაზმელები მავთულხლართებს ახვევდნენ მთავრობის რამდენიმე შენობას და ძეგლს მინსკის ცენტრში. Telegram-ის რამდენიმე გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოებში ჩანს, რომ ქალაქის რამდენიმე ადგილას ჯავშანტექნიკა დგას.
ოპოზიციონერმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ 5 სექტემბერს ვილნიუსიდან პირდაპირ ეთერში თქვა, რომ ბელარუსი ხალხი შეიცვალა "მათ გაიღვიძეს. ბელარუს ხალხს აღარ სჯერა ამჟამინდელი მთავრობის. შეუძლებელია ხალხს უკან დახევა დააძალო".
ბელარუსში აქციები დაიწყო 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელშიც, ადგილობრივი ცესკო-ს მონაცემებით, მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ 80%-ზე მეტი აიღო. ევროკავშირი არჩევნების შედეგებს არ ცნობს. ათასობით ადამიანი არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას და ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვს. ქარხნების მუშებმა, სხვადასხვა დაწესებულებების თანამშრომლებმა და ჟურნალისტებმა გაფიცვა დაიწყეს.
ლიტვამ, ლატვიამ და ესტონეთმა ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრ ლუკაშენკოს და მთავრობის 29 წევრს სამოგზაურო შეზღუდვები უკვე დაუწესეს. გასულ კვირას ევროკავშირში შეთანხმდნენ, რომ ბელარუსის 20-მდე მაღალჩინოსანს არჩევნების გაყალბებისა და აქციების დარბევისთვის სანქციებს დაუწესებენ. ლუკაშენკო დაიმუქრა, რომ სანქციების პასუხად სატრანზიტო გზებს ჩაკეტავს. ამჟამად აშშ ბელარუს მაღალჩინოსნებზე არჩევნების გაყალბებისა და მომიტინგეებზე ძალადობისთვის სანქციების დაწესებას განიხილავს.