საპროტესტო აქციები ბელარუსში

მინსკში საპროტესტო აქციების ლიდერი, მარია კოლესნიკოვა გაიტაცეს

 

მინსკში საპროტესტო აქციებისა და გაერთიანებული ოპოზიციური შტაბის ერთ-ერთი ლიდერი, მარია კოლესნიკოვა გაიტაცეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო პორტალი, tut.by ავრცელებს.

ოპოზიციის საკოორდინაციო შტაბის ერთ-ერთი ხელმძღვანელი მინსკის ცენტრიდან დღეს დილით გაიტაცეს. პორტალის ცნობით, კოლესნიკოვას მიუახლოვდნენ უცნობი ადამიანები და მიკროავტობუსში ჩასვეს, რის შემდეგაც ავტომობილი უცნობი მიმართულებით წავიდა. 

გამოცემა მოვლენების თვითმხილველს ეყრდნობა. თვითმხილველი ყვება, რომ კოლესნიკოვა ბელარუსის ნაციონალური მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე შენიშნა და მალევე კოლესნიკოვასთან სამოქალაქო ფორმებში და ნიღბებში ჩაცმული ადამიანები მივიდნენ. რის შემდეგაც კოლესნიკოვა ძალის გამოყენებით აიყვანეთ მიკროავტობუსში, რომელსაც სობოლი [სპეცდანიშნულების რაზმი] ეწერა.

კოლესნიკოვას მობილური ტელეფონი მისაწვდომია, თუმცა ზარებს არავინ პასუხობს. საკოორდინაციო საბჭოს პრესსპიკერმა, ანტონ როდნენკოვმა, მომხდარის შესახებ tut.by-ისგან შეიტყო, რის შემდეგაც საკითხის გარკვევას შეეცადა, თუმცა ამ დროისთვის უცნობია მისი ადგილსამყოფელიც, ხოლო ტელეფონი გათიშულია. 

ამ დროისთვის კავშირის დამყარება ვერ ხერხდება საკოორდინაციო საბჭოს კიდევ რამდენიმე წევრთან. მინსკში საპროტესტო აქციები 9 აგვისტოს არჩევნების ღამით დაიწყო და დღემდე გრძელდება. 

მარია კოლესნიკოვა საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციის ერთიან კანდიდატის, სვეტლანა ტიხანოვსკაიას შტაბის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო, ხოლო მანამდე ერთ-ერთი საპრეზიდენტო კანდიდატის, ვიქტორ ბაბარიკოს შტაბში მუშაობდა. ვიქტორ ბაბარიკო ბელარუსმა სამართალდამცავებმა ივლისში დააკავეს.

კომენტარები