პატრიოტთა ალიანსი

პატრიოტთა ალიანსმა არმიღებული და ენგურზე დატოვებული ხატი უკან დაიბრუნა

ირმა ინაშვილი

ილორის ღვთისმშობლის ხატი, რომელიც პრორუსულმა პარტიამ, პატრიოტთა ალიანსმა ოკუპირებულ აფხაზეთში ჩაიტანა და, რომელიც იქ არ მიიღეს, ისევ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზეა. 

აფხაზეთის ე.წ ეკლესიის წარმომადგენლებმა და მრევლმა ილორის ღვთისმშობლის ხატი 5 სექტემბერს ენგურზე დატოვეს. პატრიოტთა ალიანსმა ხატს დღეს მხარდამჭერებთან ერთად მიაკითხა და უკან წამოიღო. 

"იმ ხალხმა, რომელიც ხატმებრძოლია, ასეთები 15-ოდე კაცია აფხაზეთში, იქაური სააკაშვილები და ბოკერიები, აქაც 21-ე საუკუნეშიც არიან ხატმებრძოლები და წარმოიდგინეთ, თავისივე აფხაზთა წმინდანი გამოაბრძანეს". – თქვა ირმა ინაშვილმა. 

პრორუსი პოლიტიკოსი 3 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე აქციის გამართვას გეგმავს, სადაც როგორც ჩანს, ამავე ხატს მიიტანს. 

"ეს პოლიტიკური ურჩხულები რომ დავამარცხოთ, ილორის ღვთისმშობელი გიხმობთ ყველას 3 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე". – ამბობს ირმა ინაშვილი. 

ხატის დაბრუნებამდე ორი დღით ადრე ირმა ინაშვილი დაბეჯითებით ამბობდა, რომ ხატი აფხაზეთში დარჩებოდა. ხატის დაბრუნებამდე რამდენიმე საათით ადრე პრორუსული პარტიის ერთერთმა ლიდერმა, გიორგი ლომიამ თქვა, რომ ხატის დაბრუნების შემთხვევაში, ის "დევნილობაში" იქნებოდა. 

ირმა ინაშვილი და გიორგი ლომია ოკუპირებულ აფხაზეთს აგვისტოს მიწურულს ეწვივნენ და აფხაზეთის არაღიარებულ ეკლესიას ილორის წმინდა ღვთისმშობლის ხატი შესწირეს. ვიზიტსაც დავალებისამებრ სწორედ რელიგიური ნიშნით ხსნიდნენ. 

აფხაზეთში რამდენიმე არაღიარებული საეკლესიო დაჯგუფება არსებობს, რომლებმაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ტაძრები მიითვისეს. მათ ეპისკოპოსი არ ჰყავთ. ნაწილი ავტოკეფალიის აღიარებას მოსკოვისგან მოელის, ნაწილი კი კონსტანტინოპოლისგან.

მღვდელ ბესარიონ აპლიას დაჯგუფებამ, რომლის ეკლესიამაც ნაჩუქარი ხატი დააბრუნა, რამდენიმე წლის წინ ავტოკეფალია გამოაცხადა.

ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უშუალო იურისდიქციაშია.

კომენტარები