ქართული ოცნება

გერმანელებს დღესაც ახსენებენ ფაშიზმის სიმძიმეს - კობახიძე კითხვაზე, რატომ საუბრობენ ენმ-ზე

ტაბულა

"1945 წლის შემდეგ ათწლეულები გავიდა, მაგრამ დღესაც კი ახსენებენ გერმანულ საზოგადოებას, რა მძიმე რამე იყო ფაშიზმი." - ასე პასუხობს ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ჟურნალისტის კითხვას, თუ რატომ დაუთმო ბიძინა ივანიშვილმა დიდი დრო 2012 წლამდე პერიოდზე საუბარს.

"რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას, ისინი ფორმებით არავითარ შემთხვევაში არ განსხვავდებოდნენ. მათი საქმიანობის ფორმებიც ეს იყო ძალადობა და სიცრუე. ჩვენ მუდმივად უნდა შევახსენოთ ქართულ საზოგადოებას, განსაკუთრებით ქართველ ახალგაზრდებს, ის, თუ როგორი აღარ უნდა იყოს ხელისუფლება.

აქვე შეგახსენებთ, რომ განსხვავებით ჰიტლერისგან, ამ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები დღემდე რჩებიან ქართულ პოლიტიკაში სხვადასხვა მიზეზის გამო. ეს არის დამატებითი მიზეზი, რატომაც ქართულ საზოგადოებას ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ, თუ როგორი იყო ეს პოლიტიკური ძალა, რა მეთოდებით მართავდა ქვეყანას და რას ნიშნავს რეალურად სისხლიანი რეჟიმი." - თქვა კობახიძემ. 

დღეს, 1-ელ ოქტომბერს, ბიძინა ივანიშვილმა ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამის წარდგენაზე უმეტესწილად ნაციონალურ მოძრაობაზე ისაუბრა. ივანიშვილმა პარტიის კრიტიკასა და 2012 წლამდე პერიოდზე საუბარს უფრო დიდი დრო დაუთმო, ვიდრე სამომავლო გეგმებს. 

"მრავალი სიმხეცის ჩადენით გადაგვარებული, ცბიერი პოლიტიკური გუნდი." - თქვა ბიძინა ივანიშვილმა ნაციონალურ მოძრაობაზე.

კომენტარები