ბიძინა ივანიშვილი

ივანიშვილი ენმ-ზე: მრავალი სიმხეცის ჩადენით გადაგვარებული, ცბიერი პოლიტიკური გუნდი

დღეს პირველი ოქტომბერია, დღე, რომელიც უკვე ჩაიწერა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, როგორც ქართველი ხალხის ერთობის, თავისუფლებისა და გამარჯვების სიმბოლო. 2012-ში ჩვენ გადარჩენისთვის ვიბრძოდით, შიშისგან, ჩაგვრისგან და ძალადობისგან უნდა გვეხსნა ხალხი და ქვეყანა. დღეს, 2012 წლის არჩევნებიდან 8 წლის თავზე, ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც თავისუფლებას ბრძოლით მოპოვება აღარ სჭირდება. სადაც განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების გამო ადამიანებს აღარ დევნიან, სადაც ხელისუფლების შიში და ძალმომრეობა სამუდამოდ წარსულს ჩაბარდა, სადაც სახელმწიფო ადამიანისთვის არსებობს და არა პირიქით. 

დღეს ჩვენი პარტია ხალხს სთავაზობს პროგრამას, რომელმაც შეუქცევადი უნდა გახადოს ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, უზრუნველყოს ეკონომიკური წინსვლა და მნიშვნელოვნად შეცვალოს უკეთესობისკენ თითოეული ჩვენი მოქალაქის ცხოვრება. პროგრამას ჩემი ახალგაზრდა კოლეგები წარმოგიდგენენ. მე კი თავს ვალდებულად მივიჩნევ, ერთგვარი ანგარიში ჩავაბარო ჩემს ხალხს და ვაჩვენო, სად ვიყავით 8 წლის წინ, როდესაც ხელისუფლება გადავიბარეთ და სად ვართ ახლა.  

რამდენადაც არასასიამოვნო მოსასმენი უნდა იყოს, ჩვენ უდაოდ ვალდებული ვართ, ობიექტურად შევაფასოთ და არა მარტო ჩვენს ხალხს, არამედ მთელ მსოფლიოს, საქართველოს ყველა მოკავშირესა და მეგობარს, პიროთვნელად კიდევ ერთხელ შევახსენოთ, როგორი დესპოტური და კაცთმოძლე ხელისუფლების პირობებში მოუწია ქართულ საზოგადოებას ცხოვრება 2012 წლის 1-ელ ოქტომბრამდე. რა მემკვიდრეობა ჩავიბარეთ წინა ხელისუფლებისგან და რისი გაკეთება შევძელით განვლილი ურთულესი წლების განმავლობაში. მტკიცედ მჯერა, რომ მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე უამრავ დამპყრობელთან შეუდრეკელი ბრძოლის შედეგად გამომუშავებულმა გენეტიკურმა გამძლეობამ შეაძლებინა ჩვენს უშიშარ ხალხს, გაერთიანებულიყო და ქართულ ოცნებასთან ერთად დაემარცხებიან რეჟიმი, რომელიც მომხდურ მტერზე არანაკლებ დაუნდობლად და სასტიკად ექცეოდა საკუთარ საზოგადოებას. მართლაც საოცარი ცინიზმია, როდესაც მრავალი სიმხეცის ჩადენით გადაგვარებული, მაგრამ იმავდროულად საკმაოდ ცბიერი პოლიტიკური გუნდი აბსოლუტურად იმავე შემადგენლობით მოურიდებლად ცდილობს, კვლავაც მოატყუოს ხალხი და დაიბრუნოს შეუზღუდავი ძალაუფლება, რათა ახლა უკვე გაერთიანებული ძალისხმევით პერსონალურად იძიოს შური ყველა იმ პატრიოტ ადამიანზე, ვინც 2012 წლის ოქტომბერში თავისი წვლილი შეიტანა მათი ძალადობრივი მმართველობის დასრულებაში. გასული კვირების განმავლობაში ჩვენ მოვისმინეთ ცრუ სინანულისა და თეატრალური თვალთმაქცობის მაგალითები, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მათ სინამდვილეში დაბალი წარმოდგენა აქვთ ქართულ საზოგადოებაზე და ფიქრობენ, რომ მარტივად და იოლად მოახერხებენ ხალხის ემოციებით და გრძნობებით მანიპულირებას. 

თქვა ბიძინა ივანიშვილმა ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამის წარდგენაზე.

კომენტარები