კორონავირუსი საქართველოში

ნიჟარაძე: აჭარაში 297 ინფიცირებული გამოვლინდა და 228 პაციენტი გამოჯანმრთელდა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ნინო ნიჟარაძის თქმით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 297 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 228 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

"ახალი შემთხვევები არის უკვე გამოვლენილი ინფიცირებულების ახლო კონტაქტებს შორის, რომელთაგანაც ჩვენ ველოდეით მაღალი ინფიცირების მაჩვენებველს. ზოგადად სიტუაცია არის სტაბილური, კონტროლს დაქვემდებარებული, ეს შემთხვევები ყველა არის სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ, კლინიკებსა და კარანტინებში" - თქვა ნიჟარაძემ.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ახალი პროტოკოლის მეშვეობით, ის პაციენტი, რომელსაც ნამდვილად სჭირდება სამედიცინო მომსახურება, მოხვდება სტანციონარში, მსუბუქ და უსიმპტომო პაციენტებს კი შეუძლიათ როგორც ბინაზე, ისე კარანტინ-სასტუმროებში მეთვალყურეობა. 

"კარანტინებში არის დაახლოებით 800 ინფიცირებული პირი, ონლაინ მეთვალყურეობის ქვეშ 1000 პირი, რომლებიც ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ არიან. ვინაიდან სიტუაცია ეპიდემიოლოგიურად დაძაბულია, ამიტომ კატეგორიულად ყველას ვაფრთხილებ -  აუცილებელია, ყველანაირი კონტაქტი, კომუნიკაცია იყოს მინიმუმამდე დაყვანილი, გარდა აუცილებელი საჭიროებებისა, აუცილებლად გამოვიყენოთ ნიღაბი, დავიცვათ ფიზიკური დისტანცია და ხელის ჰიგიენა, გავუფრთხილდეთ უფროს თაობას, რისკჯგუფს ვინც წარმოადგენს" - თქვა ნიჟარაძემ.

დღეს, 2 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსის 453 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ეს ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, რაც ვირუსის დაწყების შემდეგ ქვეყანაში ერთ დღეში გამოვლენილა.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 7 093 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 3714 გამოჯანმრთელდა, 43 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. დამატებით ბათუმში აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი. 

კომენტარები