ონლაინ გამოცემა Geek Buzz-ის დაკვირვებით ამერიკული Netflix-დან ჯონი დეპის მონაწილეობით ყველა ფილმი გაქრა. მსგავსი აღმოჩენა მოგვიანებით სტრიმინგსერვისის ავსტრალიელმა მომხმარებლებმაც გააკეთეს. სხვა ქვეყნებში დეპის ფილმები ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია.
Netflix-ს ფილმების ამოღებასთან დაკავშირებით კომენტარი ამ ეტაპზე არ გაუკეთებია, თუმცა, სავარაუდოდ, გადაწყვეტილება სასამართლო დავას უკავშირდება, რომელიც კარიბის ზღვის მეკობრეების ვარსკვლავმა რამდენიმე კვირის წინ წააგო.
The Sun-მა სტატიაში დეპს Wife Beater (ცოლის მცემელი) უწოდა. 2019 წლის დასაწყისში მსახიობმა გამოცემის წინააღმდეგ სასამართლო სარჩელი შეიტანა, რომელშიც პროფესიული და მორალური ზიანისთვის კომპენსაცია - $50 000 000 მოითხოვა. სასამართლოზე მოწმის სახით დეპის ყოფილი ცოლი ამბერ ჰერდიც დაიკითხა. ლონდონის სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა. მიუხედავად იმისა რომ მსახიობს არ ჰქონია სასამართლო დავა უშუალოდ ჰერდთან, The Sun-თან დამარცხების შემდეგ საზოგადოების ნაწილი მას მოძალადედ მიიჩნევს.
საეჭვო რეპუტაციის გამო დეპს ახლო წარსულში კინოსტუდია Warner Bros.-მა პროექტი "ფანტასტიკური ცხოველები" დაატოვებინა.