პოლიტიკური კრიზისი

ქართული ოცნება საკონსტიტუციო ცვლილებებს გეგმავს, თუმცა პარლამენტში 113 დეპუტატი არ არის

ქართული ოცნება საკონსტიტუციო ცვლილებებს გეგმავს, თუმცა პარლამენტში 113 დეპუტატი არ არის.   ოცნების ერთ-ერთი დეპუტატის შალვა პაპუაშვილის თქმით, 2 მარტს დაინიცირდა რეფორმების პაკეტი, რომელიც ფუნდამენტურად ცვლის საარჩევნო პროცედურებს. 

მისივე თქმით, რეფორმების პაკეტში მემორანდუმით გათვალისწინებული საკითხების გარდა, ასახულია სამუშაო ჯგუფში გამოთქმული მოსაზრებები, კერძოდ, 12 სარეფორმო პუნქტიდან ხუთი სწორედ სამუშაო ჯგუფის წევრების ინიციატივაა.

"ჩვენი პოლიტიკური სისტემის განვითარების ამ ეტაპზე ამოცანას წარმოადგენს ორპოლუსიანი სისტემის ჩანაცვლება მრავალპოლუსიანი სისტემით, რამაც უნდა შეამციროს პოლარიზაციის ხარისხი ქართულ პოლიტიკაში და ხელი შუწყოს პარტიებს, უკეთესი სასტარტო პირობებით მოემზადონ 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. ამიტომ, ჩვენ ვაინიცირებთ საკონსტიტუციო ცვლილებას, რომლითაც 2024 წლის არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი 5%-დან 3%-მდე დაიწევს.

უახლოეს დღეებში შეიქმნება საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია, რომლის ფარგლებშიც, მემორანდუმის შესაბამისად, განიხილება როგორც 2024 წლის არჩევნების უფრო დაბალი ბარიერით ჩატარების, ისე დაბალი ბარიერის უფრო ხანგრძლივი ვადით ამოქმედების შესაძლებლობაც". - ამბობს პაპუაშვილი. 

მისი თქმით, ქართული ოცნება ასევე, საპარლამენტო ფრაქციის ფორმირებასაც გეგმავს, მისი განმარტებით, ამ ინიციატივის მიზანი მცირე პარტიების ხელშეწყობაა. 

"მეორე ცვლილება საპარლამენტო ოპოზიციის გაძლიერებას შეეხება. ოპოზიციის მიერ საკუთარი მანდატის ეფექტიანად განხორციელების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი საპარლამენტო ფრაქციის ფორმირებაა.

დღევანდელი რეგულაციით ფრაქციის ფორმირებისთის საჭიროა პარლამენტის შვიდი წევრი. საპარლამენტო ოპოზიციის გაძლიერების მიზნით, ჩვენ ვაინიცირებთ საკონსტიტუციო ცვლილებას, რომლითაც ფრაქციის შექმნისთვის საჭირო წევრების რაოდენობა 2020 და 2024 წლის მოწვევის პარლამენტებში 7-დან 4-მდე დაიწევს. ამით იმ პარტიებს, რომლებმაც მიიღეს 4%-ზე ნაკლები მხარდაჭერა, ვაძლევთ შესაძლებლობას, შექმნან ჯამურად ხუთი საპარლამენტო ფრაქცია და შესაბამისად, მიიღონ დამატებითი ბერკეტები საკანონმდებლო საქმიანობის განხორციელებისა და მთავრობის კონტროლისთვის". - ამბობს პაპუაშვილი. 

საკონსტიტუციო ცვლილებებს 113 დეპუტატის ხმა სჭირდება. პარლამენტში ამ დროისთვის 96 დეპუტატია. პაპუაშვილი ოპოზიციის წევრებს მოუწოდებს, აიღონ პასუხისმგებლობა და მიიღონ მონაწილეობა "ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში". 

"როგორც იცით, ამ ცვლილებებს სჭირდება პარლამენტის 113 წევრის ხმა. დღევანდელი მდგომარეობით პარლამენტის წევრის მანდატს 96 დეპუტატი ახორციელებს. შესაბამისად, იმისთვის, რომ ეს ცვლილებები განხორციელდეს, საჭიროა პარლამენტს გარეთ მყოფი სულ მცირე 17 დეპუტატის მიერ საკუთარი ამომრჩევლის, ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობის გააზრება და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში მონაწილეობის მიღება.

ამ დღეებში ჩვენ ყველამ ვნახეთ, რომ ამ შენობის კედლებს შიგნით თანამშრომლობა არის ერთადერთი სწორი ნაბიჯი, რომელსაც ჩვენგან ქართველი ხალხი, ჩვენი ევროპული ოჯახი და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები მოელიან". - ამბობს პაპუაშვილი. 

კომენტარები