სომხეთი

რუსეთი სომხეთის სიუნიქის რეგიონში, აზერბაიჯანის საზღვართან ორ სამხედრო ობიექტს აფუძნებს

სომხეთის სამხრეთით, სიუნიქის რეგიონში რუსეთის 102-ე ბაზის ჯარმა ორი სამხედრო ობიექტი დააფუძნა. სიუნიქი ერთმანეთისგან ყოფს აზერბაიჯანის ძირითად ტერიტორიასა და მისგან მოწყვეტილ ნახიჩევანის რეგიონს.

 "სიუნიქის რეგიონში რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზის ორი გამაგრებული პუნქტი დაფუძნდა. ეს არის დამატებითი უსაფრთხოების გარანტია არამხოლოდ სიუნიქის რეგიონისთვის, არამედ მთელი სომხეთისთვის". – თქვა ნიკოლ ფაშინიანმა. 

რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზა განთავსებულია ჩრდილოეთ სომხეთში, ქალაქ გიუმრიში. სომხეთის სამხრეთში რუსული სამხედრო ბაზების გაფართოებაზე საუბარი აქამდეც იყო, როგორც სომხეთის მთავრობის, ისე ოპოზიციის მხრიდან. მათი აზრით, ამ რეგიონში 102-ე ბაზის გამაგრებული პუნქტების შექმნა თავიდან ააცილებთ აზერბაიჯანის შესაძლო აგრესიას. თებერვალში, 2020 წლის ყარაბაღის ომში მარცხიდან რამდენიმე თვის შემდეგ, სომხეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში რუსული სამხედრო ბაზის განთავსება იგეგმებოდა.

აღსანიშნავია, რომ გასულ თვეში აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი სომხეთს ზანგეზურის კორიდორის ძალით გაყვანით დაემუქრა. მისი შექმნის შემთხვევაში ის სიუნიქის რეგიონში გაივლის და ნახიჩევანს დანარჩენ აზერბაიჯანთან დააკავშირებს.

"ზანგეზურის კორიდორის შექმნა ჩვენს ეროვნულ, ისტორიულ და სამომავლო ინტერესებს სრულად პასუხობს. ჩვენ შევქმნით ზანგეზურის კორიდორს, სურს ეს სომხეთს თუ არა. თუ მოისურვებს, მარტივად გადავწყვეტთ, თუ არ მოისურვებს – ძალით გადავწყვეტთ. ისე, როგორც ომამდე ვამბობდი, რომ საკუთარი კეთილი ნებით უნდა დაეტოვებინათ ჩვენი მიწები ან ძალით გავყრიდით. ასეც მოხდა. ზანგეზურის ბედიც ასე გადაწყდება". – თქვა ილჰამ ალიევმა. 

 

კომენტარები