ვაქცინაცია საქართველოში

ვინც მარტვილში აცრაზე დარეგისტრირდებით, საოჯახო სასტუმრო უფასოდ შემოგთავაზებთ ნომრებს

საოჯახო სასტუმრო MartVilla

საოჯახო სასტუმრო MartVilla ადამიანებს მარტვილში აცრაზე დარეგისტრირების შემთხვევაში სასტუმროს ნომერს უფასოდ სთავაზობს.

"ბოლო დროს ხშირად ვაწყდებით პოსტებს სოციალურ ქსელებში, სადაც ადამიანები წუხილს გამოთქვამენ იმის გამო, რომ ვერ რეგისტრირდებიან სინოფარმის ვაქცინაციაზე, რადგან უკვე ყველგან დაჯავშნილია ადგილები". – ნათქვამია განცხადებაში.

სასტუმროს თანახმად, 17-24 მაისის შუალედში მარტვილში სინოფარმის ვაქცინაციაზე თავისუფალი ადგილები არის და დარეგისტრირებულებს სასტუმრო უფასო მომსახურებას შესთავაზებს.

"შესაბამისად მივმართავთ ადამიანებს ვისაც უნდა ვაქცინაცია: ვინც დარეგისტრირდებით ვაქცინაციაზე მარტვილში 17-24 მაისის შუალედში, ჩვენის მხრივ გთავაზობთ უფასო განთავსებას მარტვილში (მაქს 4 ადამიანი ერთ ჯერზე) საოჯახო სასტუმროში, ასევე მოგემსახურებით როგორც გიდი და დაგათვალიერებინებთ მარტვილს, რათქმაუნდა ესეც უფასოდ." 

დამატებითი დეტალებისთვის შეგიძლიათ გაეცნოთ საოჯახო სასტუმროს პოსტს.


ქვეყანაში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო, მას შემდეგ, რაც 13 მარტს ასტრაზენეკას ვაქცინის 43 200 დოზა შემოვიდა. 6 მაისს საქართველოში ასტრაზენეკას ვაქცინის კიდევ 43 000 დოზა ჩამოვიდა. ეს დოზები განკუთვნილია იმ პირებისთვის, ვინც ასტრაზენეკას ვაქცინის პირველი დოზა უკვე გაიკეთა.

Pfizer-ის 29 500 დოზა ქვეყანაში 25 მარტს  შემოვიდა. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ქვეყანაში Pfizer-ის დამატებით დოზებს ზაფხულში უნდა ველოდოთ.

საქართველოში ჩინური წარმოების ვაქცინის – სინოფარმის 100 000 დოზა 3 აპრილს ჩამოვიდა და ამ ვაქცინის გამოყენებით აცრა 4 მაისს დაიწყო.

ჩინურმა სინოფარმმა გუშინ, 7 მაისს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ავტორიზაცია მიიღო. WHO-ს მიერვე გამოქვეყნებულ მასალებში სინოფარმის ეფექტიანობა 78.1%-ით განისაზღვრა, რაც მრავალ ქვეყანაში ჩატარებული მე-3 ფაზის კვლევის შედეგებით დადგინდა. კვლევაში სულ 16,125 ადამიანი მონაწილეობდა.

აცრისთვის ჯავშნის გაკეთება შეგიძლიათ booking.moh.gov.ge-ზე ან დარეკეთ ნომერზე 1522.

კომენტარები