ნამახვანჰესი

სააკაშვილი: ჩემზე ამბობენ, მხარს უჭერდა ჰესებსო, 10 წლის წინ რაც იყო, ახლა ის რეალობა არაა

"მთელი დღეებია, მესმის, ჩემს ციტატებს ატრიალებენ, რომ სააკაშვილი იყო მომხრე ჰესის აშენების, მინდა, ჩვენ მომხრეებს ვუთხრა, ვინც ამას მხარს უჭერს და ჩვენ მლანძღველებსაც, 10 და 15 წლის წინ რაც იყო და რაც არის ახლა, სხვადასხვა რეალობაა". - ამბობს საქართველოს ექს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ნამახვანჰესთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

"მინდა, ჩვენ მომხრეებს ვუთხრა, ვინც ამას მხარს უჭერს და ჩვენ მოწინააღმდეგეებსაც, ჩვენ მლანძღველებსაც, 10 და 15 წლის წინ რაც იყო და რაც არის ახლა, სხვადასხვა რეალობაა. ამოვიდეთ რეალობიდან, რეალობა არის ის, რომ მაგალითად, ჰოლანდიამაც ახლა უარი თქვა გაზის მოპოვებაზე და მთლიანად გადადის ალტერნატიული ენერგიის წყაროებზე.

სხვათა შორის, 2009-2010 წლებში გვქონდა გეგმა, მაშინ ბესო ჯუღელი აწარმოებდა ქარის დანადგარებს, რომ პრეზიდენტის სასახლე მთლიანად გადაგვეყვანა ქარის დანადგარებზე. დაგვედგა ორი ქარის დანადგარი პრეზიდენტის სასახლის უკან როგორც სიმბოლო, რომ ჩვენ გადავდივართ მწვანე ენერგიაზე. ჩვენ გვინდოდა საერთოდ მწვანე ენერგიაზე გადასვლა. ახლა უამრავი ახალი ტექნოლოგიაა მეგობრებო, არის მწვანე წყალბადის ტექნოლოგია, მაშინ ეს არ იყო, როცა ვამბობდით, რომ ჰესები უნდა ავაშენოთ". - ამბობს სააკაშვილი.

მისივე თქმით, მას საქართველოდან "ერთი კაპიკი არ წამოუღია" და არცერთ ბიზნესში არ მონაწილეობდა.

"მოდით, გავაკეთოთ სერიოზული დისკუსია და შევწყვიტოთ ერთმანეთისთვის იარლიყების მიკერება, რომ სააკაშვილმა შეიცვალა პოზიცია. მე პოზიცია არ შევიცვალე. მაშინ პოზიცია ასეთი იყო სწორი, ძირითადში, რა თქმა უნდა, არა ამ სახით, როგორც დღეს არის წარმოდგენილი მთავრობის მიერ მოწერილ დოკუმენტზე. ახლა სულ სხვა კონტექსტია, ჩვენ ვიმოძრავებთ ამ კონტექსტში ამ მიმართულებით.

ეს უნდა იყოს ძალიან დამჯდარი, ნორმალური საუბარი და არა ის, რომ პოლიციის ენით და რკინის ჯებირებით ველაპარაკებოდეთ ხალხს. საკუთარ სახლში არ უშვებს პოლიცია ხალხს იმის გამო, რომ ივანიშვილი მოელაპარაკა და 25-პროცენტიან წილში ჩაჯდა. ახლა, ვინც რა უნდა ილაპარაკოს, სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ. ჩიტი ვერ გადაიფრენს საქართველოს ბიზნესში, მით უმეტეს დიდ ბიზნესში ივანიშვილის წილის გარეშე. ეს იცის ყველამ და ამაში, სხვათა შორის, ჩვენ ძალიან განვსხვავდებით, რადგან, მე ერთი კაპიკი არ წამომიღია საქართველოდან და არც ერთ ბიზნესში არ ვმონაწილეობდი, ეს იყო ჩვენი ცხოვრების პრინციპი. ჩვენი და ჩემი გუნდის აბსოლუტური უმეტესობის". - ამბობს სააკაშვილი.


რიონის ხეობაში ადგილობრივი მოსახლეობა და სამოქალაქო აქტივისტები ნამახვანჰესის მშენებლობას უკვე რამდენიმე თვეა, უწყვეტად აპროტესტებენ. 23 მაისს პროტესტმა თბილისში გადაინაცვლა.

16 აპრილს გაიმართა შეხვედრა ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის ორგანიზატორებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის. ბარიკადების აღება, მოსამზადებელი სამუშაოების შეწყვეტა და კარვებით პროტესტის გაგრძელება – ეს ის პირობები იყო, რომლებიც აქტივისტებმა ხელისუფლების წარმომადგენლებთან დააყენეს და რომელთა შესრულების შემთხვევაშიც მხარეებს შორის კონსტრუქციული დიალოგი დაიწყებოდა.

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, კომპანია ენკამ უკვე გამოთქვა მზადყოფნა, ნამახვანჰესის პროექტის არსებული კვლევები გადასცეს ექსპერტთა საბჭოს, რომელიც სპეციალურად შეიქმნა კვლევების ხელახლა გადახედვისა და განხილვის მიზნით. ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, კვლევების გადახევდა 2021 წლის ივნისამდე უნდა დასრულდეს.

საქართველოს მთავრობის თანახმად, კაშხლის მშენებლობაზე 9-12 თვით მორატორიუმი გამოცხადდა, ვიდრე არ მოხდება გარემოსდაცვითი, გეოლოგიური და სეისმოლოგიური კვლევების ვალიდაცია და ხელახალი დასაბუთება. ამ ეტაპზე მხოლოდ წინამოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

არასამთავრობო სექტორთან დიალოგის პროცესში უკვე ჩაერთო ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრი.

კომენტარები