სასამართლო რეფორმა

ხაზარაძე: თუ ოცნება დაიწყებს მოსამართლეების დანიშვნას, ჩვენ გავალთ პარლამენტიდან

მამუკა ხაზარაძე

ლელოს ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ, თუ ქართული ოცნება გააგრძელებს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნის პროცესს, ლელო პარლამენტს დატოვებს. ხაზარაძემ, ასევე, სხვა საპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდა, გაიზიარონ ეს ინიციატივა.

"მინდა გავაჟღერო ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" ინიციატივა და ვთხოვო ოპოზიციას, რომ გაიზიაროს ეს ინიციატივა, რომ თუ ქართული ოცნება მსგავსი მეთოდით დაიწყებს ამ საკითხის ფორსირებას, ანუ მოსამართლეების დანიშვნის პროცესს, მე მინდა, მოვუწოდო სრულიად ოპოზიციას, რომ ჩვენ გავალთ პარლამენტიდან და დარჩებით მარტო". – თქვა ხაზარაძემ.

კელი დეგნანი მოსამართლეების დანიშვნის პროცესის გაგრძელებას გამოეხმაურა. აშშ-ს ელჩი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია პირობა, რომელიც პოლიტიკურმა ლიდერებმა 19 აპრილის შეთანხმების ხელმოწერით დადეს. დეგნანი აღნიშნავს, რომ შეთანხმება ითვალისწინებს რეფორმების გატარებამდე მოსამართლეების დანიშვნის პროცესის შეჩერებას.

უზენაესი მოსამართლეების დანიშვნა გრძელდება საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციის მიუხედავად, რომ შეჩერდეს პროცესი რეფორმების გატარებამდე.
 

17 ივნისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნად წარდგენილ 9 მოსამართლეს მხარი დაუჭირა. ამის არგუმენტად კი მოსამართლეთა არასაკმარის რაოდენობა მოიყვანეს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მედიაციით შემდგარ შეთანხმებაში, რომელსაც ხელი ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა მოაწერეს, სასამართლო რეფორმის შესახებ ნაწილის ერთ-ერთი პუნქტია, რომ ხელისუფლებამ უზენაეს სასამართლოში არსებული წესებით დანიშვნებისგან თავი უნდა შეიკავოს.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებით დოკუმენტში ნათქვამია: 

პარლამენტს უნდა წარუდგინოს კანონპროექტი უზენაეს სასამართლოში დანიშვნებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის #949/2019 დასკვნის გათვალისწინებით, განსაკუთრებით, რაც ეხება დანიშვნებისადმი ეტაპობრივ მიდგომას, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ღია კენჭისყრას და საბჭოს მიერ წარდგენების დასაბუთების საჭიროებას.


აპრილში გამოქვეყნდა სასწრაფო დასკვნა საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებებთან, უზენაესი მოსაამართლების არჩევის წესთან დაკავშირებით.

ვენეციის კომისიის მთავარი რეკომენდაციები იყო:

  1. განიხილოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის შეცვლა შემდგომი გადაწყვეტილებებისთვის
  2. შეჩერდეს დანიშვნის პროცედურა მანამ, სანამ გადაწყვეტილებას არ მიიღებს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა
  3. იმისთვის რომ უზრუნველყოფილი იყოს კანდიდატებს შორის თანასწორობა, შესაძლოა, საჭირო იყოს არჩევის პროცედურის ხელახლა დაწყება 

კომენტარები