კორონავირუსი და შეზღუდვები

იკრძალება ბანაკის ტიპის შეკრებები, სპორტულ ღონისძიებებსა და ტრენინგებზე საჭიროა PCR ტესტი

საქართველოს მთავრობა

იზოლაციისა და კარანტინის წესების შესახებ დადგენილებაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, 19 ივლისიდან კონფერენციებზე, ტრენინგებსა და სემინარებზე მონაწილეთა დასწრება დასაშვებია მხოლოდ წინასწარი PCR ტესტირების საფუძველზე.

ასევე, იკრძალება ბანაკის ტიპის შეკრებები, მათი ორგანიზაციული ფორმისა და ჩატარების ადგილის მიუხედავად.

18 წლამდე ასაკის მოზარდების სპორტული ტურნირებისა და სასწავლო-საწვრთნელი შეკრებების ჩატარება დასაშვები იქნება მხოლოდ ყველა მონაწილის წინასწარი PCR ტესტირების საფუძველზე.

დადგენილებაში შესატან ცვლილებებს ხელს აწერს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ძალაში შედის 19 ივლისიდან.

ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ 15 ივლისს თქვა, რომ გასართობი ღონისძიებების შეზღუდვაზე ფიქრი დაწყებულია, – "დავუშვათ, ბავშვების ბანაკების".

16 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 13 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 34 800 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 1 653 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 466 პაციენტი. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 4.75%, ბოლო 14 დღის – 4.31%, ბოლო 7 დღის – 4.67%.

კომენტარები