იტალიაში დაკარგული მოქალაქე

"არაფერი ახსოვს, ფეხშიშველი დატოვეს კლინიკასთან"– ქართველი ემიგრანტის 5-დღიანი გაუჩინარება

იტალიის ქალაქ ნეაპოლში საქართველოს დაკარგული მოქალაქე, სალომე ტეტუნაშვილი, 5-დღიანი გაუჩინარების შემდეგ ერთ-ერთი ფსიქიატრიული კლინიკის ეზოში იპოვეს. ტატუნაშვილის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ახალგაზრდა ქალს არაფერი ახსოვს. 

თარჯიმანი, მაკა ხაჩოშვილი ამბობს, რომ ტეტუნაშვილი შეშინებული იყო, მეხსიერების პრობლემები ჰქონდა და არ იცის, თუ როგორ აღმოჩნდა ფსიქიატრიულის ტერიტორიაზე. 

"დამიკავშირდა მუნიციპალური პოლიციის თანამშრომელი, მითხრა რომ სალომე იმყოფებოდა ქუჩაში, ფეხშიშველი იყო, ფსიქოლოგიურად არ იყო სტაბილური. მე ვთხოვე დალაპარაკება მასთან, სალომემ დამიდასტურა ვინაობა. ფეხსაცმელების გარეშე იპოვეს ქუჩაში და თვითონაც არ იცოდა, თუ ვინმე ეძებდა".- ამბობს ხაჩოშვილი TV პირველთან

ადვოკატი ამბობს, რომ უცნობმა პირმა სალომე ტეტუნაშვილი საავადმყოფოს კართან დატოვა. 

"ჯერ არ არის ცნობილი თუ ვინ მიიყვანა საავადმყოფოს კარებთან. ვიცით მხოლოდ ის, რომ პოლიციამ იპოვა ეს გოგო. საავადმყოფოს კარებთან იდგა და განერვიულებული იყო. სხვა არ ვიცით. მიმდინარეობს გამოძიება, დაიკითხება და გავიგებთ რა მოხდა".- ამბობს ადვოკატი. 

ტეტუნაშვილს, დედასთან ერთად სამართალდამცველები კითხავენ. 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იტალიაში საქართველოს ელჩმა კონსტანტინე სურგულაძემ და კონსულმა ნატალია კორძაიამ მოინახულეს. უწყების ცნობით, მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

საგარეოს ინფორმაციით, ელჩი და კონსული ნეაპოლის პოლიციის ხელმძღვანელობასაც შეხვდნენ. 

"ნეაპოლში, საქართველოს მოქალაქის დაკარგვის ფაქტზე გამოძიება რამდენიმე დღის წინ დაიწყო. საკონსულოს მოთხოვნის საფუძველზე, საქმეში აქტიურად იყვნენ ჩართული იტალიის ადგილობრივი სამართალდამცავი უწყებები. ინტენსიურად ხდებოდა ინფორმაციის გაცვლა საქართველოს საკონსულო სამსახურთან.

გარდა ამისა, საკონსულო მუდმივ კავშირზე იყო დაკარგულის ოჯახთან. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქალაქის დაკარგვის ფაქტზე, საკონსულოს აცნობა დაკარგულის ოჯახის წევრმა და ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტს დახმარების თხოვნით ოფიციალურად მიმართა დაკარგული მოქალაქის ოჯახმა, რის შემდეგაც რომში საქართველოს საკონსულო მყისიერად დაუკავშირდა ადგილობრივ სამართალდამცავებს".- აღნიშნულია განცხადებაში. 

ქალაქ ნეაპოლში საქართველოს მოქალაქე, სავარაუდოდ, 5 დღის წინ დაიკარგა. 25 იანვარს ნეაპოლის ცენტრში ქართველმა ემიგრანტებმა საპროტესტო აქცია გამართეს და იტალიაში საქართველოს საელჩოს დახმარებისთვის მიმართეს.

კომენტარები