რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთში ახალი კანონი ლიზინგით აღებული უცხოური თვითმფრინავების რეგისტრაციის უფლებას იძლევა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ფედერალურ კანონს, რომელიც რუსულ კომპანიებს ლიზინგით აღებული უცხოური თვითმფრინავების რეგისტრაციის უფლებას აძლევს, გარდა ამისა, კანონით შესაძლებელი ხდება ამ თვითმფრინავებისთვის ფრენისთვის ვარგისიანობის რუსული სერტიფიკატების გაცემა. კანონის მიზანი რუსეთის სამოქალაქო ავიაციის მხარდაჭერაა.

რუსული მედიის ინფორმაციით, ეს ზომები რუსულ კომპანიებს საშუალებას მისცემს, შეინარჩუნონ საჰაერო ფლოტი და უცხოური თვითმფრინავები შიდა მარშრუტებზე მართონ. სერტიფიცირებაში ჩაერთვება სასერტიფიკაციო ცენტრები და ტესტირების ლაბორატორიები, რომელთა მოთხოვნებს შესაბამისი დეპარტამენტი განსაზღვრავს.

ასევე, საზღვაო და შიდა წყლის ტრანსპორტის სფეროში მთავრობას შეეძლება, საპასუხო შეზღუდვები დააწესოს იმ სახელმწიფოების უცხოურ გემებზე, რომლებმაც აკრძალეს რუსული გემების პორტებში შესვლა.

გარდა ამისა, კანონი 2023 წლის 31 დეკემბრამდე აგრძელებს ვადას, რომლითაც სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის სუბიექტებმა და გადამზიდავებმა უნდა დაასრულონ უსაფრთხოების აღჭურვილობის სერტიფიცირება.

ცნობისთვის, ჩინეთმა რუსეთს თვითმფრინავების ნაწილების მიწოდებაზე უარი უთხრა. ინფორმაცია რუსული ავიაციის წარმომადგენელმა, ვალერი კუდინოვმა გაავრცელა. მანამდე როსავიაციას ნაწილების მიწოდება ამერიკულმა Boeing-მა და ევროპულმა Airbus-მაც შეუჩერეს. 

რუსულ ავიაციას პრობლემები უკრაინაში შეჭრის პასუხად დაწესებული დასავლური სანქციების გამო შეექმნა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე გაავრცელა განცხადება, რომ რუსი მგზავრების ფრენების უსაფრთხოება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

როგორც კუდინოვმა აღნიშნა, რუსეთი ჩინეთიდან მიღებული უარის შემდეგ თვითმფრინავის ნაწილების მიღებას სხვა ქვეყნებიდან შეეცდება. მათ შორის, თურქეთიდან და ინდოეთიდან.

ფედერაციის საბჭოს ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრის ალექსანდრე პრონიუშკინის თქმით, ასეთი გადაწყვეტილებები გაზრდის სატრანსპორტო კომპლექსის სტაბილურობას სანქციების ფონზე, ხელს შეუწყობს სამოქალაქო ავიაციას, ასევე საზღვაო, შიდა საზღვაო, სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტის.


რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები