რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბლინკენი რუსულ დეზინფორმაციაზე: ვნახეთ საქართველოში 2008-ში, უკრაინაში 2014 წელს, იგივე მეორდება

Reuters

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ქიმიურ და ბიოლოგიურ იარაღთან დაკავშირებით რუსულ დეზინფორმაციას გამოეხმაურა. სახელმწიფო მდივანმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც წლების განმავლობაში გავრცელებულ რუსულ დეზინფორმაციას აღწერს.

"ჩვენ ეს ვიხილეთ საქართველოში 2008 წელს, აღმოსავლეთ უკრაინაში 2014 წელს, სირიაში 2018 წელს, დიდ ბრიტანეთში 2018 წელს. ახლა იგივე ხდება უკრაინაში 2022 წელს. კრემლი სისტემატურად იგონებს ტყუილებს, რათა სხვა დაადანაშაულოს და თავისი საშინელი ქმედებები გაამართლოს." - წერს ბლინკენი Twitter-ზე.

სახელმწიფო მდივნის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში საუბარია იმ პროპაგანდისტულ გზავნილებზე, რომლებსაც რუსეთი წლების განმავლობაში ავრცელებდა.

"რუსეთი აცხადებს, რომ გაანადგურა ბიოლოგიური იარაღის ლაბორატორია უკრაინაში, აცხადებს, რომ მას მხარს უჭერდა აშშ, რაც სიცრუეა. კრემლმა იცის, რომ აშშ-ს არ აქვს ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის პროგრამა, ეს პროგრამა რუსეთს აქვს. რუსეთის ფარისევლობის კიდევ ერთი მაგალითია. პუტინის რეჟიმი მუდმივად იყენებს ცრუ დროშის ქვეშ ოპერაციების, რათა სხვა დაადანაშაულოს და თავისი საშინელი მოქმედებები გაამართლოს. ეს მოხდა საქართველოში, აღმოსავლეთ უკრაინაში, სირიაში, დიდ ბრიტანეთში და ახლა კვლავ ხდება უკრაინაში. პუტინს ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ გამოყენების დიდი ისტორია აქვს. ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც მხარს უჭერს ამ სიცრუეს, ხელს უწყობს უკრაინაში ნგრევას. პუტინის სიცრუე პროგნოზირებადი და მან პასუხი უნდა აგოს." - ნათქვამია ვიდეოში.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები