რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"რუსეთში კომპონენტების არარსებობის გამო ტანკების 2 ქარხანა გაჩერებულია" – უკრაინის გენშტაბი

უკრაინაში ომის დაწყების 26-ე დღეს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ოკუპანტები "უკიდურესად საჭიროებენ" დაზიანებული იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის შეკეთებასა და აღდგენას. უკრაინის ინფორმაციითვე, უცხოური წარმოების კომპონენტების არარსებობის გამო, ურალვაგონზავოდისა და ჩელიაბინსკის ქარხნები შეჩერებულია.

"ეს კომპანიები სპეციალიზირებულნი არიან ტანკებისა და სხვა ჯავშანტექნიკის წარმოებასა და შეკეთებაში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საჭიროებებისთვის". - წერია განცხადებაში. 

გენშტაბი უკრაინაში არსებულ სიტუაციაზე წერს - მათი ინფორმაციით, მაკარივის რაიონში, გავრონშჩინას დასახლების მიდამოში, რუსი დამპყრობლების ჯგუფმა ადგილობრივ მოსახლეობას მანქანები წაართვა, ძარცვის შედეგად წაღებული სამოქალაქო ტანსაცმელი ჩაიცვა და ბელარუსის რესპუბლიკის საზღვრისკენ გაემართა. 

"ზაპოროჟიას რეგიონის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო ქმედებების გაგრძელებით, ზოგიერთ დასახლებაში დამპყრობლები ფარულად ემზადებიან ოლქებისა და ქალაქების პრორუსული ადმინისტრაციის არჩევნებისთვის". - წერია განცხადებაში.  

უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთს სხვადასხვა სახის სანქცია მსოფლიოს არაერთმა ქვეყანამ დაუწესა. ქვეყნებმა რუსეთის ცენტრალურ ბანკს აქტივები გაუყინეს და ფინანსური ინსტიტუციები SWIFT-დან გარიცხეს.

უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და სრულმასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების დაწყების ფონზე 8 მარტს აშშ-მ რუსული ნავთობის, გაზისა და სხვა ენერგოპროდუქტების იმპორტი აკრძალა. გაერთიანებული სამეფოს მთავრობის გადაწყვეტილებით კი ქვეყანა 2022 წლის ბოლომდე სრულად ჩამოშორდება რუსულ ნავთობპროდუქტებზე დამოკიდებულებას და იმპორტს აკრძალავს.

8 მარტს ევროკომისიამ წარადგინა გეგმა, რომლის თანახმადაც ევროკავშირმა რუსულ გაზზე დამოკიდებულება 2/3-ით უნდა შეამციროს მიმდინარე წლის ბოლომდე, ხოლო 2030 წლამდე რუსული ნავთობპროდუქტების იმპორტი სრულად უნდა გაუქმდეს.

ევროკავშირმა სანქციები დაუწესა რუსეთის დუმის ქვედა პალატის 351 დეპუტატსაც, რომლებმაც უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების აღიარებას მხარი დაუჭირეს.

დაწესებულ სანქციებში შედის ევროკავშირის ქვეყნებში სამთავრობო მედიის დაბლოკვა, საჰაერო სივრცის დაკეტვა რუსეთისთვის და რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების გაყინვაც.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.

კომენტარები