რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

საგარეო: ვგმობთ ბუჩაში ხოცვა-ჟლეტას – ყველამ, ვინც მონაწილეობდა, პასუხი უნდა აგოს

ბუჩა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს უკრაინის ქალაქ ბუჩაში ადამიანების ხოცვა-ჟლეტას და უკრაინელ ხალხს სამძიმარს უცხადებს.

"ჩვენ მკაცრად ვგმობთ ბუჩაში ხოცვა-ჟლეტას და არაადამიანურობას, რომელიც მიმართულია უდანაშაულო, მშვიდობიანი ხალხის წინააღმდეგ. განადგურებულნი ვართ სასტიკი ბოროტმოქმედების სცენებით. ყველას, ვინც ამ ომის დანაშაულებში მონაწილეობდა, პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს. უკრაინელ ხალხს გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით". – წერს საგარეო საქმეთა სამინისტრო Twitter-ზე.

ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ უკრაინის ქალაქ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. კრემლი ბუჩასთან დაკავშირებულ ბრალდებებს უარყოფს.

უკრაინელმა სამხედროებმა კიევის ირგვლივ 30-ზე მეტი ქალაქი და სოფელი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს.  ომის დაწყების შემდეგ უკრაინა კიევის რეგიონს სრულად პირველად აკონტროლებს. კიევის ოლქში, დედაქალაქის გარშემო დასახლებულ პუნქტებზე, ირპენზებუჩაზე და გოსტომელზე უკრაინულმა ძალებმა ეტაპობრივად დაიბრუნეს კონტროლი.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები