რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარა

უკრაინის რადა
unian.net

უკრაინის უმაღლესმა რადამ მეორე მოსმენით მიიღო კანონპროექტი N7214, რომელიც რუსეთს ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარებს. ასევე, კრძალავს მისი სამხედრო სიმბოლოების გამოყენებას.

კანონპროექტის N7214 მიხედვით, რუსეთის, როგორც ტერორისტული სახელმწიფოს პოლიტიკური რეჟიმის მიზანი  უკრაინელი ხალხის გენოციდი, ომის აკრძალული მეთოდების გამოყენება, სამოქალაქო და კულტურული ინფრასტრუქტურის განადგურება და ხელოვნური ჰუმანიტარული კატასტროფის შექმნაა.

კანონპროექტში ვკითხულობთ, რომ რუსეთის ფედერაციის პოლიტიკური რეჟიმი თავისი არსითა და პრაქტიკით, ჰიტლერის გერმანიის მსგავსად, ნაცისტურ ტოტალიტარულ რეჟიმად მიიჩნევა. 

კანონი ასევე კრძალავს პუტინის რეჟიმის პროპაგანდას, ლათინური ასოების: Z,V გამოყენებას ნებისმიერ რეკლამაზე, მანქანასა თუ ბეჭდურ მასალაზე. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში სამხედრო აგრესიის პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

რუსი ოკუპანტები უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ – მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა ბუჩა დაიბრუნეს, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ქალაქში 400-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. რუსეთი ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს.

კომენტარები