აშშ-ს საელჩო: საქართველოში კონგრესის დელეგაციას სენატორი კუნსი უხელმძღვანელებს

აშშ-ს სენატორი კრის კუნსი ამ კვირაში საქართველოში კონგრესის დელეგაციის ვიზიტს უხელმძღვანელებს. დელეგაცია საქართველოს გარდა იტალიასა და საფრანგეთში გაემგზავრება.

დელეგაციის შემადგენლობაშია სენატორი გარი პიტერსიც. ასევე, შიდა უსაფრთხოებისა და სამთავრობო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ბობ კეისი და კონგრესის წევრები სტეფან მერფი, ქეით ლირაისი, დევიდ სისილინი და ტედ დოიჩი.

დელეგაცია შეხვედრებს აშშ-ს წარმომადგენლებს, მთავრობის მაღალჩინოსნებსა და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებთან გამართავს. შეხვედრის მთავარი თემები ტრანს-ატლანტიკური მხარდაჭერის გაძლიერება და ევროპული უსაფრთხოების განმტკიცება იქნება. ასევე, ყურადღება დაეთმობა ისეთ საკითხებს, როგორიცაა გლობალური შიმშილი, კლიმატის ცვლილება და ა.შ.

„შეერთებული შტატები წინ უნდა წაუძღვეს გლობალურ გამოწვევებთან გამკლავებასა და ახალი შესაძლებლობების ძიებას, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიულ ღირებულებებზე. თუმცა, ჩვენ ამას მხოლოდ ჩვენი მეგობრებისა და მოკავშირეების დახმარებით შევძლებთ. მოუთმენლად ველი ამ კრიტიკულ საკითხებზე აშშ-ის მთავარ პარტნიორებთან შეხვედრას" - ამბობს კრის კუნსი. 

ასევე, სენატორმა პიტერსმა ისაუბრა რუსეთ-უკრაინის ომისგან გამოწვეულ მწვავე გლობალურ სურათზე და დასძინა, რომ რუსეთის ნაბიჯები ევროპელ მოკავშირეებთან ურთიერთობის გაღრმავების მნიშვნელოვან საფუძველს იძლევა. 

"პუტინს შეიძლება ეგონა, რომ მას შეეძლო დემოკრატიის დაზიანება, მაგრამ მსოფლიო მის წინააღმდეგ ერთიანია". - ამბობს დელეგაციის ერთ-ერთი წევრი, სენატორი კეისი.

კომენტარები