რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბორის ჯონსონი ინდოეთს მოიერიშე თვითმფრინავების წარმოებაში დახმარებას შესთავაზებს

 Ben Stansall/Pool via REUTERS

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონის სპიკერის თქმით, ბრიტანეთი მოიერიშე თვითმფრინავების წარმოებაში დახმარებითა და თავდაცვითი აღჭურვილობის უფრო სწრაფი მიწოდებით ინდოეთთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას გეგმავს. 

ჯონსონი ნარენდრა მოდისთან განიხილავს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და უსაფრთხოების კავშირების გაძლიერებას. გასათვალისწინებელია, რომ ინდოეთი სამხედრო ტექნიკის ნახევარზე მეტს რუსეთისგან ყიდულობს. 

ამ შეთავაზებით დიდი ბრიტანეთი მხარს დაუჭერს ინდოეთის გრძელვადიან მიზანს - შექმნას საკუთარი მოიერიშე თვითმფრინავები და შეამციროს ძვირადღირებული სამხედრო აღჭურვილობის იმპორტი. ახლა ინდოეთის მოიერიშე თვითმფრინავების ნაწილი რუსეთში, ნაწილი კი ბრიტანეთსა და საფრანგეთშია წარმოებული.

ამასთანავე, ბორის ჯონსონის პრესსპიკერის განმარტებით, თავდაცვის აღჭურვილობის მიწოდების დასაჩქარებლად დიდი ბრიტანეთი ინდოეთს გადასცემს ე.წ. ღია გენერალურ საექსპორტო ლიცენზიას, რაც ამჟამად მხოლოდ ევროკავშირსა და ამერიკას აქვს. 

მანამდე, აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ Quad-ის (ოთხმხრივი უსაფრთხოების დიალოგის) ქვეყნებიდან მხოლოდ ინდოეთია "არამყარი" რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. Quad-ის წევრი ქვეყნებიდან - ინდოეთი, ავსტრალია, აშშ და იაპონია, ინდოეთი ერთადერთია, რომელსაც რუსეთისთვის სანქციები არ დაუწესებია.

დასავლეთის სანქციების შედეგად მიღებული ფასდაკლებით, ინდოეთმა უკრაინაში ომის დაწყებიდან მინიმუმ 13 მილიონი ბარელი რუსული ნედლი ნავთობი იყიდა. შესადარებლად, გასულ წელს ინდოეთმა რუსეთისგან მხოლოდ 16 მილიონი ბარელი შეიძინა. ბაიდენმა ინდოეთის პრემიერმინისტრს, ნარენდრა მოდის უთხრა, რომ რუსეთისგან მეტი ნავთობის ყიდვა ინდოეთის ინტერესებში არ არის. 

კომენტარები