რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უოლასი: პუტინს არ უნდა დაავიწყდეს, რომ ჩვენს ფლოტს ბირთვული ძალის გამოყენება შეუძლია

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრის, ბენ უოლასის თქმით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს არ უნდა დაავიწყდეს, რომ ბრიტანეთის სამეფო ფლოტს ბირთვული შესაძლებლობის გამოყენება შეუძლია. ამის შესახებ მან წარმომადგენელთა პალატის წინ ისაუბრა.

"პირველი, რაც კოლეგებს უნდა შევახსენოთ, არის ის, რომ NATO არის ბირთვული ალიანსი. ბრიტანეთს, ამერიკასა და საფრანგეთს, რა თქმა უნდა, აქვთ ბირთვული იარაღი და ეს პირველ რიგში არის მისი (ვლადიმირ პუტინის) ძლიერი შემაკავებელი... ახლა, სადღაც, წყლის ქვეშ ჩვენი სამეფო ფლოტის მამაცი კაცები და ქალები მშვიდად არიან და შეუძლიათ ბირთვული ძალის გამოყენება, თუ საჭირო გახდება ამ სამეფოსა და NATO-ს დასაცავად. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მას (პუტინს) ეს არ დაავიწყდეს". – უპასუხა უოლასმა ჟურნალისტის შეკითხვას, რომელიც ეხებოდა პუტინის მიერ უკრაინაში ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებობასა და იმას, თუ რას აკეთებენ მოკავშირეები მის შესაკავებლად.

გასულ დღეებში რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა წარმატებით გამოსცადეს სარმატის ტიპის კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა.

"[სარმატის] ანალოგი მსოფლიოში არ არსებობს და კიდევ დიდ ხანს არ იარსებებს. ეს უნიკალური იარაღი ჩვენი შეიარაღებული ძალების საბრძოლო პოტენციალს გაამყარებს. საიმედოდ უზრუნველყოფს რუსეთის უსაფრთხოებას გარე საფრთხეებისგან და აიძულებს დაფიქრებას მათ, ვინც გაშმაგებული აგრესიული რიტორიკით ცდილობს ჩვენი ქვეყნისთვის დამუქრებას". – თქვა პუტინმა გამოცდის შემდეგ.

კომენტარები