რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

WP: აშშ-მ რუსეთს ბირთვული იარაღის გამოყენებაზე არასაჯარო გაფრთხილებები გაუგზავნა

რუსული ბალისტიკური რაკეტა PC-24 Ярс-ი წითელ მოედანზე, 2016 წლის პარადი

The Washington Post-ი, აშშ-ს ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, წერს, რომ აშშ რუსეთს თვეების განმავლობაში არასაჯაროდ უგზავნის გაფრთხილებებს, რომ ბირთვული იარაღის გამოყენებას სავალალო შედეგები მოჰყვება.

ოფიციალური პირის თქმით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, რომ გაფრთხილებები ბუნდოვანი იყოს, რადგან კრემლში ღელავდნენ, თუ რა იქნება ვაშინგტონის პასუხი ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში.

როგორც Washington Post-ი აღნიშნავს, ამას ბირთვული შეკავების ტერმინებით "სტრატეგიული გაურკვევლობა" ეწოდება. ეს ხდება მაშინ, როცა რუსეთის უმატებს რიტორიკას ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ.

WP-ს ცნობით, რუსეთთან კომუნიკაციაში ჩართული იყო აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი, თუმცა ოფიციალურ წარმომადგენლებს არ უთქვამთ გამფრთხილებელი პირების ვინაობა, არც გაფრთხილებების შინაარსი. არაა ცნობილი აშშ-მ გაგზავნა თუ არა ახალი გაფრთხილებები რუსეთს, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ბოლო მუქარის შემდეგ.

22 სექტემბერს რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ და რუსეთის ექსპრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა თქვა, რომ ე.წ. რეფერენდუმებით შეერთებული ტერიტორიების თავდასაცავად შესაძლოა ბირთვული იარაღის გამოყენებაც.

აქამდე, 21 სექტემბერს, რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების დროს, ვლადიმირ პუტინი დასავლეთს ბირთვული იარაღით დაემუქრა.

"ჩვენი ქვეყნისთვის ტერიტორიული მთლიანობის საფრთხის შექმნის შემთხვევაში, რუსეთისა და ჩვენი ერის დაცვისთვის ჩვენ, აუცილებლად, გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა საშუალებას. ეს ბლეფი არაა... ისინი კი, ვინც ცდილობენ ჩვენს შანტაჟს ბირთვული იარაღით, უნდა იცოდნენ, რომ ქარმა, შესაძლოა, მათი მიმართულებით იცვალოს პირი". – თქვა პუტინმა.

კომენტარები