შავი პარასკევი

რას ნიშნავს შავი პარასკევი ბიზნესსექტორისთვის? – BLOOMBERG

2021 წელს პანდემიის გამო შეფერხებული მიწოდების პირობებში მაღაზიები ვერ ახერხებდნენ მომხმარებლების მოთხოვნის დაკმაყოფილებას, რადგან წყნარი ოკეანით პროდუქციის მიწოდება დიდწილად შეჩერდა. მარაგის შევსების შემდეგ კი, ინფლაციის ზრდასთან ერთად, მოთხოვნამ იკლო. შედეგად მივიღეთ სიჭარბე იმ ტიპის პროდუქციაზე, რომლის შეძენაც მომხარებლისთვის აუცილებლობას არ წარმოადგენს და კრიზისულ პირობებში - ფუფუნების საგანია. სწორედ ამიტომ, კომპანიები შავ პარასკევს ჭარბი პროდუქციის მაღალი ფასდაკლების პირობებში ამოყიდვას  შეეცდებიან. განსაკუთრებით მაღალი ფასდაკლებაა მოსალოდნელი ავეჯზე, ტექნიკასა და სათამაშოებზე. 

Bloomberg-ი წერს, რომ არსებული ეკონომიკური მდგომარეობა კომპანიებს არასახარბიელო მდგომარეობაში აყენებს. მომხმარებლები საკუთარ ბიუჯეტს უფრთხილდებიან და ხელმომჭირნედ ვაჭრობას ცდილობენ. მათ კარგად იციან, რომ სავაჭრო ცენტრებს პროდუქციის სიჭარბე აქვთ და ელოდებიან, როდის დაიწევს ფასები. 

Bloomberg-ის ცნობით, ევროპაში ბოლო ათწლეულია, შავ პარასკევს საცალო მოვაჭრეებისთვის ზარალი მოაქვს. სავაჭრო ქსელების უმეტესობა ფასდაკლებას აჩქარებს, მაშინ როცა მოგვიანებით ეს ისედაც მოხდებოდა, მაგრამ უფრო მაღალი ფასების პირობებში. ეს ზრდის გაყიდვებიდან მიღებულ შემოსავალს, მაგრამ იზრდება ალტერნატიული დანახარჯებიც (ყველა ის ალტერნატივა და მისგან მიღებული სარგებელი, რომლებზეც უარს მოცემული ქმედების სანაცვლოდ ვამბობთ), რასაც ეწირება მოგება.  

შავი პარასკევის ტრადიცია აშშ-ს უკავშირდება - ის მადლიერების დღესასწაულის მეორე დღეს აღინიშნება, ანუ ნოემბრის თვის ყოველ მე-4 პარასკევს. ნოემბრის ყოველ მე-4 პარასკევს მაღაზიების მიერ ფასდაკლებების გამოცხადების ტრადიცია აშშ-ში 1952 წლიდან დაიწყო, თუმცა მას თავდაპირველად უბრალოდ მადლიერების დღესასწაულის მეორე დღედ მოიხსენიებდნენ. რამდენიმე ათეული წლის წინ კი, მას სახელი გადაერქვა და შავი პარასკევი ეწოდა.

კომენტარები