საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ $17.018 მილიარდი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 32.2%-ით მეტია. აქედან ექსპორტი $5.037 მილიარდს შეადგენს (31.8%-ით გაიზარდა), ხოლო იმპორტი $11.981 მილიარდია (32.4%-ით მეტი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით).
იანვარიდან ნოემბრამდე რუსეთთან სავაჭრო ბრუნვა 49.2%-ით გაიზარდა და $2 205 778 600 შეადგინა. ამ მონაცემების საფუძველზე, თურქეთის შემდეგ, მოსკოვი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის პოზიციას იკავებს.
2022 წლის იანვარ-ნოემბერში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 78.9% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა:
- ჩინეთი – $660.7 მილიონი (16.1%-იანი ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით);
- რუსეთი – $597.9 მილიონი (8.9%-იანი ზრდა);
- აზერბაიჯანი – $595.5 მილიონი (21.9%-იანი ზრდა).
2022 წლის იანვარ-ნოემბერში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 67.3% შეადგინა. პირველი სამეული შემდეგნაირად გადანაწილდა:
- თურქეთი – $2 143.2 მილიონი (33.3%-იანი ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით);
- რუსეთი – $1 607.8 მილიონი (73.1%-იანი ზრდა);
- ჩინეთი – $1 017.7 მილიონი (28.7%-იანი ზრდა).
საქსტატის მონაცემების საფუძველზე ირკვევა, რომ უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2022 წლის იანვარ-ნოემბერში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტი $1 391.1 მილიონი და შესაბამისად, მთელი იმპორტის 11.6%-ია. რაც შეეხება საექსპორტო ათეულს, ამავე დროით პერიოდში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა $932.9 მილიონით დაიკავა, რაც მთელი ექსპორტის 18.5%-ს შეადგენს.