რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

WP: რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების სამი მოდელი არსებობს 

ვოლოდიმირ ზელენსკისა და ჯო ბაიდენის შეხვედრა თეთრ სახლში, 2022 წლის 22 დეკემბერი.

Washington Post-ი წერს, რომ არსებობს სამი განსხვავებული მოდელი იმისა, თუ რა სცენარით შეიძლება წარიმართოს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების პროცესი. გამოცემისვე ცნობით, აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში თითოეულ მოდელს მიმდევრები ჰყავს. ამის შესახებ Washington Post-ი თეთრი სახლის ადმინისტრაციის ერთ-ერთ მაღალჩინოსანს ესაუბრა.

როგორც გამოცემა წყაროზე დაყრდნობით წერს, პირველი მოდელი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ გასულ თვეში შემოთავაზებული სამშვიდობო გეგმის ნაწილია. მოდელი რუსეთის ჯარების გაყვანას უკრაინის მთელი ტერიტორიიდან ითვალისწინებს, მათ შორის, 2014 წლიდან ოკუპირებული ყირიმისა და აღმოსვლეთ დონბასის ტერიტორიებიდან. 

განსხვავებით წინა მოდელისგან, მეორე ალტერნატივა რუსების ჯარების გაყვანას ითვალისწინებს იმ პოზიციებზე, რომლებიც ოკუპანტებს 24 თებერვლამდე, ანუ რუსეთის მიერ ფართომასშტაბიანი ომის დაწყებამდე ეკავათ. 

მესამე მოდელი გულისხმობს რუსების სამხედრო დანაყოფების გაყვანას დონბასიდან, მაგრამ არა ყირიმიდან. WP-ის ცნობით, ზელენსკიმ ნათლად აჩვენა, რომ იგი მეორე და მესამე მოდელს მხარს არ დაუჭერს. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მშვიდობა მხოლოდ მაშინ დადგება, როდესაც დამპყრობელი რუსები ოკუპირებულ ტერიტორიებს დატოვებენ. 

აშშ-ში ბაიდენისა და ზელენსკის პირისპირ შეხვედრისას, აშშ-ის პრეზიდენტი გაეცნო ზელენსკის მოსაზრებებს იმის შესახებ, თუ როგორ წარმოუდგენია მოლაპარაკებების გზით ომის დასრულება. WP-ის ინფორმაციით, ეს საუბარი "აკადემიური დისკუსიაა", რადგან არ არსებობს მინიშნებები იმისა, რომ რუსეთი დაინტერესებულია სამშვიდობო მოლაპარაკებებით.

გამოცემის კიდევ ერთი წყაროს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნის შეფასებით, არსებობს რეალური საფუძვლის მქონე კითხვები რუსეთის მიერ სამხედრო კამპანიის გაგრძელების შესაძლებლობებთან დაკავშირებით. მისივე თქმით, რუსეთი "საბრძოლო მასალის ძალიან მნიშვნელოვანი დეფიციტის" წინაშე დგას, რაც "მზარდი პრობლემაა" კრემლის ძალებისთვის.

კონგრესში გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ს საკანონმდებლო ორგანოს წევრებს მოუწოდა, გააძლიერონ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და "ტერორისტებს აგრესიაზე პასუხისმგებლობა დაეკისროთ". 

"თქვენ შეგიძლიათ გააძლიეროთ სანქციები, რათა რუსეთმა იგრძნოს, რამდენად დამღუპველია მისი აგრესია. ნამდვილად თქვენი ძალაა, დაგვეხმაროთ პასუხი ვაგებინოთ ყველას, ვინც დაიწყო ეს არაპროვოცირებული და კრიმინალური ომი. მოდით გავაკეთოთ ეს. დაე, ტერორისტებს დაეკისროთ პასუხისმგებლობა აგრესიისთვის და აანაზღაურონ ამ ომის შედეგად მიყენებული ყველა დანაკარგი". – აღნიშნა პრეზიდენტმა.  

თავის მიმართვაში ზელენსკიმ აღნიშნა, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მხარი დაუჭირა მის 10-პუნქტიან სამშვიდობო გეგმას, თუმცა დასძინა, რომ კონგრესის თითოეულ წევრს შეუძლია დაეხმაროს მას გეგმის განხორციელებაში.

კომენტარები