რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მინსკის მახლობლად, მაჩულიშჩის აეროდრომზე აფეთქებები მოხდა – BYPOL

26 თებერვალს, დილით ბელარუსში, მინსკის ოლქში, მაჩულიშჩის საავიაციო ბაზაზე აფეთქებები მოხდა, რის შედეგადაც რუსული სამხედრო და სატრანსპორტო თვითმფრინავი და თოვლის გამწმენდი მანქანები დაზიანდა. ინფორმაციას ოპოზიციური მოძრაობა BYPOL ავრცელებს.

ადგილობრივების თქმით, დილით, დაახლოებით 08:00-09:00 საათზე ორი და ღამით კიდევ ერთი აფეთქება გაიგონეს.

აეროდრომთან ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ჯარისკაცების მნიშვნელოვანი რაოდენობა და საგზაო პოლიციის ეკიპაჟები შენიშნეს, რომლებიც გამვლელ მანქანებს ამოწმებდნენ.

რუსები სწორედ მაჩულიშჩის აეროდრომიდან ისვრიან რაკეტებს სახელწოდებით Kinzhal, რის გამოც უკრაინამ მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ გაფრთხილება გაავრცელა.

მანამდე, 26 დეკემბერს, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთში, სარატოვის ოლქში, ენგელსის აეროდრომთან ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებით უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

5 დეკემბერს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატებით ფრონტის ხაზიდან ასობით კილომეტრით შორს მდებარე აეროდრომებზე სარატოვისა და რიაზანის ოლქებში იერიშები მიიტანეს. შედეგად მოკვდა 3 რუსი სამხედრო და დაზიანდა Ту-95-ის ტიპის ორი სტრატეგიული ბომბდამშენი. როგორც გამოცემა Politico საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, უკრაინელებმა იერიშებისთვის მოდერნიზებული საბჭოთა დრონები გამოიყენეს.

რუსეთი ამ აეროდრომებს უკრაინაზე მასობრივი იერიშების მისატანად იყენებს.

 

კომენტარები