სასამართლო კლანის დასანქცირება

აშშ სასამართლო კლანზე: მათმა ქმედებებმა საქართველოში დემოკრატიულ პროცესებს ძირი გამოუთხარა

ვედანტ პატელი

აშშ-ის სახელწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილის ვედანტ პატელის თქმით, აშშ-მა სანქციების დაწესების გადაწყვეტილება არაერთი, მათ შორის ღია წყაროებზე დაყრდნობით მიიღო. პატელის სიტყვებით, სანქცირებული პირები ჩართული იყვნენ კორუფციულ ქმედებებში, რომლებმაც საქართველოში კანონის უზენაესობას ძირი გამოუთხარა.

"პირველ რიგში, დამოუკიდებლობის დღიდან ამერიკელი ხალხი სოლიდარობის ნიშნად გვერდით ედგა ქართველ ხალხს და მათ სურვილს, იყვნენ თავისუფალი და სუვერენული ქვეყანა, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ბოლო 30 წლის მანძილზე ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები გავხდით, ვმუშაობთ საქართველოს ერთიან ხედვაზე, სრულად ინტეგრირდეს ევროატლანტიკურ ოჯახში.

რაც შეეხება კონკრეტულად ამ გადაწყვეტილებას, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს სანდო წყაროებისგან აქვს ინფორმაცია იმაზე, რომ ეს პირები ჩართული იყვნენ კორუფციულ ქმედებებში, რომელიც მათ ამჟამინდელ და ყოფილ სასამართლო პოზიციებს უკავშირდება. მათმა ქმედებებმა საქართველოში კანონის უზენაესობასა და დემოკრატიულ პროცესებს ძირი გამოუთხარა. ასევე, საზოგადოებას დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ოფიციალური პირების მიმართ ნდობა გაუქრო.

როგორც აქამდე ვთქვით, ინფორმაცია სხვადასხვა წყაროდან მივიღეთ, მათ შორის ღია წყაროებიდან. ვფიქრობ, საკმარისად ღირებული და სანდო ინფორმაცია გვაქვს იმისთვის, რათა დავიჯეროთ, რომ მნიშვნელოვანი ჩართულობა იყო კორუფციაში". - თქვა პატელმა.


ვინ არიან სანქცირებული პირები?

  • უვადო მოსამართლე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე – მიხეილ ჩინჩალაძე;
  • უვადო მოსამართლე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი – ლევან მურუსიძე;
  • იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე – ირაკლი შენგელაია;
  • ყოფილი მოსამართლე, სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე – ვალერიან ცერცვაძე.

სანქცირებულ პირებს და მათი უშუალო ოჯახის წევრებს აეკრძალათ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა.

როგორც აშშ-ს საელჩო აღნიშნავს, სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს აქვს სანდო ინფორმაცია, რომ სანქცირებული პირები ჩართული იყვნენ მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში სასამართლოში მათი მოქმედი თუ წინა თანამდებობებზე ყოფნის პერიოდში.

კომენტარები