სერბეთი

სკოლაში მომხდარი სროლის გამო, სერბეთის განათლების მინისტრმა თანამდებობა დატოვა

ბრანკო რუჟიჩი

სერბეთის ერთ-ერთ სკოლაში მომხდარი სროლის შემდეგ, რასაც 8 ბავშვისა და 1 დაცვის სიცოცხლე ემსხვერპლა, ქვეყნის განათლების მინისტრმა, ბრანკო რუჟიჩმა თანამდებობა დატოვა.

სერბეთში საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი და უკმაყოფილება მოჰყვა ბოლო ერთ კვირაში მომხდარ მასობრივ სროლებს. 3 მაისს ბელგრადის სკოლაში მე-7 კლასელმა ცეცხლსასროლი იარაღით 9 ადამიანი მოკლა. აქედან რამდენიმე დღეში 21 წლის პირმა ცეცხლი გაუხსნა მოქალაქეებს, რასაც 8 ადამიანი ემსხვერპლა.

ოპოზიციური პარტიები პასუხისმგებლობას პრემიერმინისტრ ანა ბრნაბიჩის მთავრობას აკისრებენ და ამბობენ, რომ მათ შემთხვევების პრევენცია ვერ შეძლეს. ოპოზიცია ორშაბათს, 7 მაისს ბელგრადში საპროტესტო გამოსვლის ჩატარებას აპირებს. მათ მოთხოვნებში შედიოდა რუჟიჩის გადადგომაც.

"როგორც პასუხისმგებლობიანმა და კარგად აღზრდილმა კაცმა, როგორც პროფესიონალმა, რომელიც აქამდე ყველა საჯარო ვალდებულებას ასრულებდა, და როგორც მშობელმა და სერბეთის მოქალაქემ მივიღე გადადგომის რაციონალური გადაწყვეტილება". – თქვა რუჟიჩმა. 

მასობრივი სროლების შემდეგ სერბეთის მთავრობამ შემოიღო გარკვეული ზომები, რომელთა მიზანიც სკოლებში ძალადობის პრევენცია და სამოქალაქო პირებში იარაღის რაოდენობის შემცირებაა.

სერბეთში იარაღის დიდი რაოდენობა 1990 წლების ომიდანაა შემორჩენილი. ამის მიუხედავად, მასობრივი სროლები სერბეთში და ზოგადად ბალკანეთის რეგიონში ძალიან იშვიათია. ბოლო წლებში სკოლაში არცერთი მსგავსი შემთხვევა არ მომხდარა. ბოლო მასობრივი სროლისას, 2013 წელს ბალკანეთის ომის ვეტერანმა ერთ-ერთ სოფელში 13 ადამიანი მოკლა. 

კომენტარები