რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსებს კახოვკას ჰესის დატოვება აფეთქებამდე ნახევარი საათით ადრე დაევალათ – ბუდანოვი

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის, კირილო ბუდანოვი რუსების მიერ კახოვკას ჰესის აფეთქების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და ამბობს, რომ რუსულ ძალებს კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის ტერიტორიის დატოვება ჰესის აფეთქებამდე ნახევარი საათით ადრე დაევალათ. 

"ეს ხელოვნურად, ადამიანის მიერ შექმნილი კატასტროფა არის ტერორისტული აქტი და ეკოციდი, რომელიც შეგნებულად ჩადენილია რუსეთის ფედერაციის მიერ. ნებისმიერი ჭორი, რომელიც სხვაგვარად მიუთითებს, სიმართლეს არ შეესაბამება.

არსებობს მრავალი ფაქტი, რომელიც პირდაპირ მიუთითებს იმაზე, თუ როგორ მოხდა ეს ყველაფერი. საინტერესოა, რომ [აფეთქებამდე] ნახევარი საათით ადრე, კახოვკას ჰესზე დაფუძნებულმა [რუსულმა] ქვედანაყოფმა რადიოთი მიიღო შეტყობინება, რომელშიც მათ უბრძანეს, სწრაფად შეეკრიბათ თავიანთი ნივთები და დაეტოვებინათ ტერიტორია. დაახლოებით იმავე დროს განლაგდა სპეცდანიშნულების რაზმი. მერე მოხდა რაც მოხდა.

კიდევ ერთი კურიოზული ფაქტია, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების ნაწილებმა, რომლებიც იმ დროს [კახოვკა ჰესის] მიმდებარედ იყვნენ, არ იცოდნენ, რომ ეს ოპერაცია მოხდებოდა. ამან ისინი გააკვირვა." - ამბობს ბუდანოვი.


6 ივნისს კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებას მსოფლიოს მასშტაბით დიდი გამოხმაურება მოჰყვა. დასავლეთის არაერთმა ლიდერმა აღნიშნული ქმედება სისასტიკის ახალ, კიდევ უფრო მძიმე გამოვლინებად შეაფასა. 

ამ დროისთვის უცნობია, 6 ივნისს კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების ზუსტი მიზეზი. 

უკრაინული მხარე კაშხლის აფეთქებაში რუს ოკუპანტებს ადანაშაულებს. რუსეთი აღნიშნულ ბრალდებას უარყოფს და საბოტაჟს უწოდებს. 

კახოვკის აფეთქების შედეგად დატბორვის დიდი საშიშროება შეექმნა მიმდებარე რაიონებს, განსაკუთრებით  მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროს. სამინისტროს ცნობით, 80-მდე დასახლება, რომელთა უმეტესობა რუსული ძალების მიერაა ოკუპირებული, პოტენციური დატბორვის საფრთხის ქვეშაა. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ხერსონის ოლქში ამ დროისთვის 1000-ზე მეტი ადამიანის ევაკუირება უკვე მოხერხდა.

კომენტარები