გამოცემა Reuters-ი რუსულ სახელმწიფო დოკუმენტზე დაყრდნობით წერს, რომ მოსკოვმა 2023 წლის თავდაცვის ხარჯები $100 მილიარდ დოლარამდე გაზარდა, რაც მთელი სახელმწიფო დანახარჯების მესამედია.
დოკუმენტში ნაჩვენებია, რომ 2023 წლის პირველ ნახევარში რუსეთმა დაგეგმილი 4.98 ტრილიონი რუბლის ($54 მილიარდის) დახარჯვის გეგმას 600 მილიარდი რუბლით - 12%-ით გადააჭარბა.
გარდა ამისა, მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში თავდაცვის ხარჯებმა საერთო სახელმწიფო ხარჯების 37.3% შეადგინა.
აქამდე, 2011-2022 წლებში რუსეთი თავდაცვაზე ბიუჯეტის მინიმუმ 13.9%-ს და მაქსიმუმ 23%-ს ხარჯავდა.
რუსეთის მთავრობას და ფინანსთა სამინისტროს ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.