ტეილორ სვიფტი

ბელგიის უნივერსიტეტში ტეილორ სვიფტის სიმღერების შესახებ კურსს წაიკითხავენ  

ტეილორ სვიფტი "ერას ტურზე", 2023 წელი.
Harpers Bazaar

ბელგიაში, გენტის უნივერსიტეტში ტეილორ სვიფტის სიმღერების ტექსტების შესახებ კურსი ჩატარდება. კურსი სახელად "ლიტერატურა - ტეილორის ვერსია" უნივერსიტეტში შემოდგომის სემესტრში ჩატარდება და მას ასისტენტ-პროფესორი, ელი მაკკოსლენდი წაიკითხავს.

მაკკოსლენდი, რომელიც სვიფტის შემოქმედების შესახებ ბლოგის - "სვიფტერატურის" ავტორია, პოპვარსკვლავის ტექსტებს ხშირად სილვია პლათს, ჩარლზ და უილიამ შექსპირსაც კი ადარებს. როგორც კურსის სილაბუსში წერია, ტექსტების გასაანალიზებლად პროფესორი გამოიყენებს, როგორც შუა საუკუნეებისა და ვიქტორიანული პერიოდის ავტორებს, ისე თანამედროვე მწერლებს, მათ შორის მარგარეტ ეტვუდსა და საიმონ არმიტაჟს.

"სვიფტის ნამუშევრების პლაცდარმად გამოვიყენებთ და სხვა თემებთან ერთად შევისწავლით ლიტერატურულ ფემინიზმს, ეკოკრიტიციზმს და ისეთ ტროპებს, როგორიცაა, მაგალითად, ანტი-გმირი. სვიფტის მუდმივი პოპულარობა, ნაწილობრივ მაინც, მისი შემოქმედების ძლიერი ინტერტექსტუალური ასპექტითაა განპირობებული და ეს კურსი მის ლიტერატურულ საფუძვლებს უფრო ღრმად შეისწავლის." - წერია სილაბუსში.

სილაბუსის მიხედვით,შეფასების მისაღებად სტუდენტებს სიმღერის ან 4 000 სიტყვანი ესეის დაწერა მოუწევთ.

"სვიფტს აქვს სიმღერა სახელწოდებით "დიდი ომი", რომელშიც ის პირველ მსოფლიო ომს გატეხილი გულის ანალოგიად იყენებს. ამან დამაფიქრა სილვია პლათის ლექსზე "მამა", რომელშიც ის, ჰოლოკოსტის საშუალებით, მამასთან ურთიერთობის პრობლემებზე საუბრობს. ისტორიული ტკივილის ამგვარ მეტაფორად გამოყენებამ სხვა პარალელებიც გამახსენა და აქედან მომივიდა კურსის იდეაც." - ამბობს კურსის ავტორი.

მიუხედავად იმისა, რომ ბელგიის უნივერსიტეტის ეს კურსი ევროპაში ტეილორ სვიფტის შესახებ პირველი კურსია,  მომღერლის ლიტერატურული ევოლუციის შესასწავლად  ამერიკის შეერთებული შტატებში, მათ შორის სტენფორდის, ნიუ-იორკის, არიზონასა და ბერკლის უნივერსიტეტებში კურსები უკვე დიდი ხანია ტარდება.

აღსანიშნია ისიც, რომ ტეილორ სვიფტი არ არის პირველი სუპერვარსკვლავი, რომელმაც აკადემიური ყურადღება მიიქცია. 2016 წელს ტეხასის უნივერსიტეტში დაიწყო ინგლისური ლიტერატურის კურსი ბიონსეს შემოქმედების შესახებ. 2017 წელს კი კოპენჰაგენის უნივერსიტეტში დაიწყო კურსი სახელად "ბიონსე, გენდერი და რასა."

კომენტარები