ლაზარე გრიგორიადისი

ლაზარე გრიგორიადისის მომდევნო სასამართლო პროცესი 22 სექტემბერს გაიმართება

ლაზარე გრიგორიადისის მომდევნო სასამართლო პროცესი 22 სექტემბერს, 16:00 საათზე გაიმართება. 

დღეს, 25 აგვისტოს პროცესზე ბრალდების მხარის 4 მოწმე დაკითხეს - შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტური დეპარტამენტის თანამშრომლები. ორი მათგანი გრიგორიადისისა და სპეცრაზმელის ტანისამოსის, ორი კი დამწვარი მანქანის დაზიანებებს იკვლევდა.

რადიო თავისუფლების ცნობით, ქიმიური ექსპერტის, მაკა ფიცხელაურის თქმით, სპეცრაზმელ ზურაბ ლურსმანაშვილის ტანსაცმელზე ექსპერტიზის შედეგად ნავთობპროდუქტის კვალი დადასტურდა.

ზურაბ ლურსმანაშვილის, კიდევ ერთი სპეცრაზმელის, გიორგი ჭოველიძისა და ლაზარე გრიგორიადისის ტანისამოსი შეისწავლა ექსპერტმა ლაშა სულამანიძემ, რომელმაც თქვა, რომ დაკავებულის მხოლოდ ქურთუკს ჰქონდა მცირე დაზიანება.

დამწვარი ავტომობილის დაზიანებების წარმომავლობის დადგენაზე პასუხისმგებელმა ექსპერტმა, ირაკლი სადრაძემ თქვა, რომ მანქანა სრულად იყო დამწვარი, რის გამოც დაზიანების გამომწვევი მიზეზი ვერ დაადგინეს.

ექსპერტმა ვლადიმერ ბენიძემ კი თქვა, რომ ხანძარი, რომელმაც ტოიოტა კოროლა გაანადგურა, ღია ცეცხლის წყარომ გამოიწვია.

ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატის, თათია მანჟაშვილის თქმით, ავტომობილის დაწვასთან დაკავშირებით ექსპერტებმა სასამართლოს ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები მისცეს. 

"ესე იქნება სხვა ყველა ექსპერტის დასკვნაც. პირდაპირი მითითება, რომ ლაზარეს აქვს ჩადენილი ეს დანაშაული, არ იქნება. მე მაგაში დარწმუნებული ვარ". - თქვა ლაზარე გრიგორიადისის ბაბუამ პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.

დღევანდელ სხდომაზე გრიგორიადისის ადვოკატებმა დააყენეს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობაც, რომელიც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. სხდომა საათზე ნაკლებ დროში დასრულდა.

პოლიციამ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავა. პროკურატურის მტკიცებით, 7 მარტს დაახლოებით 23:15 საათზე, შოთა რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, გრიგორიადისმა 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით ორჯერ ისროლა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი. ამასთან, უწყება დაკავებულს ედავება, რომ მან 9 მარტს, ღამის საათებში ჭანტურიას ქუჩაზე განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ტოიოტა კოროლას მოდელის ავტომანქანას.

გრიგორიადისის ადვოკატებმა პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მიმართეს. სარჩელის მოტივი ლაზარე გრიგორიადისის შესახებ პატივისა და ღირსების შემლახველი განცხადებების საჯაროდ გავრცელებაა. ადვოკატები ითხოვენ, ღარიბაშვილსა და კობახიძეს დაეკისროს მორალური ზიანის ანაზღაურება, თითოეულს 15 ლარის ოდენობით. მოსარჩელე ასევე მოითხოვს პრემიერმინისტრმა და ქართული ოცნების თავმჯდომარემ მოიხადონ ბოდიში საჯაროდ.

"ჩანს, რომ ყველანაირი ორიენტაცია არეული აქვს", "გზას აცდენილი კაცი" – თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ლაზარე გრიგორიადისზე მისი დაკავების შემდეგ. პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კი გრიგორიადისს "ანარქისტი" უწოდა.

კომენტარები