ირაკლი ღარიბაშვილი

ღარიბაშვილი: იმედი მაქვს, ევროკომისია ჩვენს მთავრობას დაუფასებს ერთგულებას

ირაკლი ღარიბაშვილი
ტაბულა

ირაკლი ღარიბაშვილმა ჯოზეფ ბორელთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ევროკომისიისგან კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით სამართლიანი გადაწყვეტილების მოლოდინშია და იმედი აქვს, რომ მთავრობას ერთგულება დაუფასდება.

"მე მინდა კიდევ ერთხელ იმედი გამოვთქვა, რომ ევროკომისია მიიღებს ერთადერთ სწორ და სამართლიან გადაწყვეტილებას. ჩვენ სხვას არაფერს არ ვითხოვთ. არასდროს მოგვითხოვია იმაზე მეტი რასაც ვიმსახურებთ. ჩვენ ვითხოვთ სამართლიან მოპყრობას". - თქვა ღარიბაშვილმა.

მასივე თქმით, მოლდოვამ და უკრაინამ კანდიდატის სტატუსი გეოპოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით, მხოლოდ ბონუსად მიიღეს და რეალურად საქართველო ასოცირებულ ტრიოს ქვეყნებს შორის ყველა პარამეტრით მოწინავე ადგილზეა.

"რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის იყო საკმაოდ სამწუხარო. ვფიქრობთ, ეს იყო უსამართლო, იმიტომ, რომ საქართველომ ძალიან ბევრი რამ გააკეთა, ბოლო ათ წელიწადში განსაკუთრებით და ჩვენ ყოველთვის ვიყავით და ვართ დღესაც ასოცირებული ტრიოს ქვეყნებს შორის მოწინავე ქვეყანა". - აღნიშნა პრემიერმა.

ღარიბაშვილმა საკუთარ პროგნოზებზე არ ილაპარაკა, თუმცა იმედი გამოთქვა, რომ ოქტომბერში საქართველოსთვის კანდიდატის მინიჭებასთან დაკავშირებით პოზიტიური რეკომენდაცია გაიცემა.

"ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ევროკომისია სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს და ქვეყანას წაახალისებს. ქართველ ხალხს დაუფასებს და ჩვენს მთავრობას და ჩვენს ხელისუფლებას, მთლიანად ყველას იმ ერთგულებას, რომელიც ჩვენ გამოვიჩინეთ ბოლო წლების განმავლობაში ჩვენი საქმით". - თქვა მან.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი თბილისში გუშინ, 7 სექტემბერს ჩამოვიდა.

პრემიერმინისტრის გარდა, მას შეხვედრები დაგეგმილი აქვს საქართველოს პრეზიდენტთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

კომენტარები